ინტერაქტიული მულტიმედია
რას ვკითხულობთ, რას (არ) ვიჯერებთ და რა უნდა ვიცოდეთ - „დეზინფორმაცია“ 21-ე საუკუნის გამოწვევა
ციფრულ სამყაროში დღეს ყველა ავტორია. ნებისმიერ თქვენგანს, ვინც ახლა ამას კითხულობთ, რა თქმა უნდა შეგიძლიათ ფოტო/ვიდეო მასალა ატვირთოთ სოციალურ ქსელში, ან რაიმე სახის ინფორმაცია გამოაქვეყნოთ და თქვენ ავტომატურად ხდებით ამ ამბის ავტორი. თუმცა, რას ვავრცელებთ, არის თუ არა სანდო, გადამოწმებულ-დაბალანსებული და რა მიზანს ემსახურება გავრცელებული ინფორმაცია, ეს არის მთავარი. სტატიაც სწორედ ამ ამბავს ეხება, ვინ რას ვავრცელებთ, რას ვკითხულობთ, რას (არ) ვიჯერებთ და რა უნდა ვიცოდეთ. ჩემი რესპონდენტები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებლები არიან, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ.


თუმცა, სტატიას ჯერ საკუთარი მაგალითის განხილვით დავიწყებ. 15 წელზე მეტია ჟურნალისტიკაში ვარ. 15 წლის წინ აქტუალური ტრადიციული მედია იყო. ანუ, ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროს ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია წარმოადგენდა. წლების შემდეგ, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ტრადიციული მედია ფაქტობრივად ჩაანაცვლა ახალმა მედიამ. ჩვენც შესაბამისად ახალი უნარებით გადავეწყეთ ახალ საფეხურზე. დღესდღეობით, სოციალური მედია არის ინფორმაციის გავრცელების ყველაზე სწრაფი წყარო. ამბის გავრცელება უკვე „დასწრებაზეა“. ვინ ავრცელებს სწორ და მცდარ ინფორმაციას, ამის გაფილტვრა რთულია. ოპერატიულობა იქცა გამოწვევად. კონკურენციის საპასუხოდ, ჟურნალისტებს გვიწევს ინფორმაციების სწრაფ რეჟიმში გადამოწმება და დაბალანსება.


ჩემი კოლეგა თემო ინასარიძეც სწორედ ამ რეჟიმში მუშაობს. თემო „სამხრეთის კარიბჭე“-ს ჟურნალისტია. პროფესიული საქმიანობის შესრულება, ინფორმაციის მოპოვება/გადამოწმება მასაც დეზინფორმაციულ გარემოში უწევს. ამბობს, რომ სამცხე–ჯავახეთი, ისევე როგორც მთლიანად საქართველო, დეზინფორმაციის სამიზნეა, რომლის ყველაზე მძლავრი ტალღა რუსეთიდან მოდის. რეგიონის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ხშირად შეხვედრია რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივების მოტივზე შექმნილი დეზინფორმაცია, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებაში გამოუწვევია კიდეც მცირე თუ დიდი მასშტაბის კონფლიქტი. მითები და შეთქმულების თეორიები ევროკავშირთან დაკავშირებით ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკიდან ახსოვს, თითქოს იქ ვინმეს საქართველოს კულტურის და ტრადიციების გაქრობა სურს. როგორც ჟურნალისტი, ფლობს ინფორმაციის გადამოწმების სხვადასხვა ტექნიკას.


„ჩემი დაკვირვებით, სოციალურ ქსელებში, ხშირად ვრცელდება თვალის და ყურისმომჭრელი ვიდეო და ტექსტი, რომელსაც გაურკვეველი წარმომავლობის ვებსაიტები და ჯგუფები ავრცელებენ. ყოველთვის ვცდილობ ფოტოს ავტორთან/პირველ წყაროსთან დაკავშირებას და ორიგინალი ფოტოს მოპოვებას, როდესაც მის გამოყენებას ჩემს მედია მასალაში ვაპირებ. თუკი ამას ვერ ვახერხებ, სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის საშუალებით, მათ შორის Google lens, TinEye, PimEyes –ვცდილობ გადამოწმებას, ხომ არ აქვს ადგილი რაიმე სახის მანიპულაციას. მანიპულაციის არსებობის შემთხვევაში, თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვწერ ფოტოს წარმომავლობის შესახებ, რათა ჩემი მედიასაშუალების აუდიტორია არ გახდეს დეზინფორმაციის მსხვერპლი. მცდარი ინფორმაციის წამებსა და წუთებში გავრცელება მარტივია, ზუსტი და მრავალ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაციის კი შედარებით რთული, რადგან ის მეტ დროს და ადამიანურ რესურსს მოითხოვს. ეთიკური და სანდო მედიის როლი სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მან შეძლოს დეზინფორმაციის წყაროს გამომჟღავნება, მხილება და მათი სამიზნე აუდიტორიის გაძლიერება მედიაწიგნიერების მხრივ, რათა მათვე შეძლონ მცდარის იდენტიფიცირება, ყველასთვის ხელმისაწვდომი ხერხების გამოყენებით” - გვეუბნება თემო ინასარიძე.


რას ნიშნავს დეზინფორმაცია?


დეზინფორმაცია (des-information) - არის ინფორმაცია, რომელიც ყალბია (სიცრუეა, ტყუილია) და განგებ არის შექმნილი, რომ კონკრეტულ პიროვნებას, სოციალურ ჯგუფს, ორგანიზაციას ან ქვეყანას ზიანი მიაყენოს. სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ადამიანებს ვკითხეთ, რა სახის დეზინფორმაცია სმენიათ, სად წაუკითხავთ ან გაუგონიათ და როგორ მოქცეულან. უმრავლესობამ, სამცხე-ჯავახეთთან და რაც მთავარია ევროკავშირთან დაკავშირებული დეზინფორმაცია გაიხსენა.


„სამცხე-ჯავახეთთან დაკავშირებით დეზინფორმაცია რაც მახსენდება, უმეტესად აქ მცხოვრებ უმცირესობის წარმომადგენლებთან იყო დაკავშირებული. არ გაგიკვირდებათ თუ ვახსენებ რუსულ პროპაგანდასაც, რომელიც ომის დაწყებასთან ერთად უფრო მასშტაბური გახდა. უნდა შევეხო ჩვენს სამხერთ მეზობლებს შორის მიმდინარე ომსაც, გეოგრაფიული მდებარეობის გამო ჩვენთან ბევრად უფრო მეტი დეზინფორმაცია გავრცელდა, ვიდრე სხვა არასაზღვრისპირა რეგიონებში. ბოლოს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე უამრავი დეზინფორმაცია გავრცელდა კანდიდატის სტატუსის მიღებასა და საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობაზეც” - გვპასუხობს ბორჯომში მცხოვრები ლიკა ხუციშვილი, რომელიც სტუდენტია და ჩართულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობაში.


„ევროკავშირთან დაკავშირებით ბევრი სტერეოტიპი და დეზინფორმაცია შექმნეს. თითქოს რყვნის, იქ სოდომის და გომორის ცოდვა ტრიალებს და ა.შ. ეს ბევრი რუსეთუმესგან მომისმენია და სამწუხაროდ რელიგიური პირებისგანაც. მგონია რომ ისინი რუსეთის ფულით არიან მოსყიდულები. ვფიქრობ, ადამიანს, რომელსაც ერთხელ მაინც არ უნახავს სხვა ქვეყანა, წარმოდგენა არ აქვს იქაურ ღირებულებებზე. ევროკავშირს ებრძვიან ისინი, ვისაც ჯერ კიდევ აქვთ საბჭოთა კავშირის მიმართ სენტიმენტები. ჩემი აზრით, რუსული ფულით მოსყიდულებს საქართველოს მომავალი არ ანაღვლებთ” - ამბობს ახალციხეში მცხოვრები ნანა ყავრელიშვილი, რომელიც ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობითაა დაკავებული.


კიდევ ერთი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი და პედაგოგი ნინო ავეტისიანი გვეუბნება, რომ დეზინფორმაცია ვრცელდება იმ დროს, როდესაც გარკვეული თემა არის ქვეყანაში აქტუალური. საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ეტაპზე, დეზინფორმაციის გავრცელება ევროკავშირის თემაზე ასეთი აქტუალური სწორედ ამიტომ გახდა.


„ყველაზე მეტად რაც მოქმედებს ჩვენს საზოგადოებაზე ეს არის დეზინფორმაცია ევროკავშირის მიერ გარყვნილების პროპაგანდა, ერთსქესიანთა ქორწინების კანონის მიღების იძულება და ევროკავშირთან დაახლოებით რუსეთთან ომის გარდაუვალობა. ძირითადად ესენი მსმენია. ამის გავრცელება ძალიან მარტივია. გამავრცელებელი ხალხია ძირითადად იმიტომ, რომ მასებზე მსგავსი მესიჯები კარგად მუშაობს” - გვპასუხობს ნინო ავეტისიანი.





ვინ შეიძლება იყოს ევროკავშირთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გამავრცელებელი და ვის ინტერესებში შედის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ნინოწმინდაში მცხოვრები მანუშაკ მკრტჩიანი გვპასუხობს:
„ამ დეზინფორმაციის გამავრცელებელი, შეიძლება იყოს რუსეთი და ის ადამიანები რომლებსაც არ უნდათ ევროპისკენ წასვლა” .


ჩვენმა რესპონდენტებმა ასევე გაიხსენეს დეზინფორმაცია, რომელიც ქვეყანაში კოვიდპანდემიის, ასევე ომის და ტყის ხანძრების დროს გავრცელდა.




„კოვიდპანდემიის დროს გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ვერტმფრენით ვიღაც სპეციალურად გაუშვებდა ინფექციას ჯავახეთში, რის გამოც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იმ დროს გარეთ არ გადიოდა“ - იხსენებს ნინოწმინდელი სტუდენტი სტიოპა დუმოიანი.

„მახსენდება ბორჯომის ხანძრის დროს, ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა ამერიკის რომელიღაც შტატის ხანძრის ფოტო რომ დადო სოციალურ ქსელში, დააწერა ბორჯომი და თავისი სახელიც. ფოტოები თავისი ეფექტურობიდან გამომდინარე, მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელში, მაგრამ მალევე მოხდა მისი გადამოწმება და მალევე მიეთითა რეალური წყარო“ - გვიყვება ნინო ავეტისიანი.


ბორჯომთან კავშირში, ნანა ყავრელიშვილმაც გაიხსენა ერთი ფაქტი: „გავიხსენებ 2008 წლის ომს, როცა არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსის ჯარი ბორჯომთან იყო მოსული”.


ჩვენი რესპონდენტები გვეუბნებიან, რომ ინფორმაციას ძირითადად სანდო ცენტრალური და რეგიონული მედიისგან იღებენ. გაურკვევლი წარმომავლობის და უცნაური დომენის მქონე ვებ-საიტების მიერ გაზიარებულ ბმულებს კი ან საერთოდ არ ხსნიან, ან ეჭვის თვალით უყურებენ და ამოწმებენ. თუმცა, ეს ხდება მათ შემთხვევაში, რადგან სახელმწიფო ენა იციან და ენობრივი ბარიერი არ აქვთ. რეალობა შედარებით განსხვავებულია ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. ნინოწმინდაში მცხოვრები მანუშაკ მკრტჩიანი გვეუბნება, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ინფორმაციას რუსული და სომხურენოვანი მედიისგან იღებს, რადგან მათ ქართული ენა არ იციან. კიდევ ერთ გამოწვევას რასაც თავად ამჩნევს, სოფლებში ინფორმაციის დაგვიანებით გავრცელებაა. მანუშაკის თქმით, პატარა დასახლებებში ინფორმაცია გვიან ვრცელდება, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა გარკვეულ შესაძლებლობებს კარგავს.

ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში რომ მცდარი ინფორმაციის გავრცელება დიდ გამოწვევას წარმოადგენს, ამას ადასტურებენ მედიის განვითარების ფონდშიც. მაიკო რატიანის თქმით, ქართული ენის არცოდნის შემთხვევაში, რეგიონის მოსახლეობა არა მხოლოდ სომხურ ან აზერბაიჯანულ, არამედ რუსულენოვან წყაროებსაც ეყრდნობა, რაც ხშირად სანდო ცნობებს არ იძლევა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ასეთ რეგიონებში, პირველ რიგში, ცნობიერების ამაღლება, რომ ინფორმაციის წყაროს დიდი მნიშვნელობა აქვს, გვეუბნება რატიანი და აქვე, მაგალითების სახით იხსენებს იმ დეზინფორმაციას, რომელიც სამცხე-ჯავახეთზე იყო გამიზნული და მათი მხრიდან უკვე იდენტიფიცირებულია.


„სამცხე-ჯავახეთის რეგიონთან დაკავშირებით გავრცელებულა დეზინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამცხე-ჯავახეთში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის პროტესტი საქართველოს ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით, ასევე ნინოწმინდის ბავშვთა სახლზე, ჯავახეთში სირიიდან დევნილ ეთნიკურად სომეხ ლტოლვილებზე, ბორჯომში მომხდარ ხანძრებზე, ბორჯომის ქარხნებზე და აზერბაიჯანი-სომხეთის კონფლიქტის დროს გავრცელებულ ცნობაზე, თითქოს აზერბაიჯანისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდება ბორჯომიდან ხდებოდა“ - ამბობს რატიანი.


მაიკო რატიანის თქმით, დეზინფორმაციის გამავრცელებლები საქართველოში ყველაზე აქტიურად იყენებენ ტიკ-ტოკს, ტელეგრამს და ფეისბუქს, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით ეს უკანასკნელი სარგებლობს.


„დეზინფორმაცია სხვადასხვა თემაზე ვრცელდება. პოლიტიკის შემთხვევაში კი ხშირად საერთაშორისო კონფლიქტებს, ევროკავშირს, ნატოს ეხება და ანტიდასავლური ან ქსენოფობიური კონტექსტი აქვს. ევროკავშირზე დეზინფორმაცია ან მანიპულაციური ნარატივები გვხვდება როგორც ხელისუფლებასთან დაკავშირებული აქტორების მხრიდან, ასევე იმ სოციალური მედიის ანგარიშებსა და მედიაში, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული და ხშირად კრემლისტურ პროპაგანდას ავრცელებს, მათ შორის არიან ალტ-ინფო, სეზონი ტვ, საქართველო და მსოფლიო, ტვ ობიექტივი და ა.შ. ასევე გარკვეული ფეისბუქ გვერდები/პროფილები, რომლებიც ალტ-ინფოსთან მხარდამჭერები არიან” - აცხადებს მაიკო რატიანი.





ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხიკვაძეც აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში გავრცელებული დეზინფორმაცია არ იყო მხოლოდ რუსული. მისი განცხადებით, ეს იყო ადგილზე შექმნილი და გავრცელებული მცდარი ინფორმაცია.


„ბოლო პერიოდის დაკვირვებით, ხშირ შემთხვევაში ეს იყო ადგილზე შექმნილი და საქართველოს ხელისუფლების მიერ გახმოვანებული დეზინფორმაცია. ყველაზე ცნობილი ამბავი იყო, თითქოს ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის ნაცვლად საქართველოსგან ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას რუსეთისთვის. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ასე არ არის. პირიქით, ევროკავშირი გვეუბნება რომ თუ გავატარებთ რეფორმებს, წინ წავალთ და ეს ჩვენს ინტერესებში შედის, რადგან ადამიანის უფლებები გვქონდეს უფრო მეტად დაცული, გვქონდეს კანონის უზენაესობა, კორუფცია მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და ასე შემდეგ“ - აცხადებს ივანე ჩხიკვაძე.


პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის მიერ გაზიარებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს შემთხვევაში, ანტი-დასავლური, პრო-რუსული და ულტრა-ნაციონალისტური ნარატივებია გავრცელებული. კერძოდ:



ანტი-დასავლური

• დასავლეთს არ შეუძლია პარტნიორების დაცვა - აშშ-მ პამპერსები გამოგვიგზავნა, შეშფოთება გამოხატა;
• სოროსი ქართველობას გვართმევს;
• დასავლეთის გარყვნილება შეუთავსებელია ქართველობასთან - ინცესტი, პედოფილია;
• დასავლეთს საქართველო არ სჭირდება.


პრო-რუსული

• რუსეთი იძულებულია თავი დაიცვას დასავლეთის ექსპანსიისგან;
• რუსეთი მართლმადიდებლობის სადარაჯოზე;
• რუსეთს შეუძლია მეზობლების ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა;
• ნოსტალგია, ისტორიული სენტიმენტები - დიდი სტალინი; 38 მანეთიანი ბილეთი; 3 ბოთლი კონიაკი.


ულტრა-ნაციონალისტური

• ქართული ღირებულებები საფრთხის ქვეშაა – ოჯახური ტრადიციები VS გენდერული თანასწორობა;
• საქართველო ქართველებისთვის - რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირება; თურქული ოკუპაცია;
• სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არიან დასავლეთის აგენტები და მოღალატეები;
• ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო რეჟიმი ანადგურებს საქართველოს ეკონიმიკას.


ახლა კი როცა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკვე მიღებული აქვს და შესასრულებელი აქვს გარკვეული რეკომენდაციები, ნინო ავეტისიანი ფიქრობს, რომ: “დეზინფორმაციული გარემო კიდევ უფრო დეზინფორმაციული გახდება, იმიტომ რომ ახლა ეს არის ბრძოლის ძირითადი იარაღი, მარტივი პროცესი ნამდვილად არ იქნება”.


ლიკა ხუციშვილი კი თვლის, რომ „ძალიან მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ტროლ-ბოტების მოქმედება, რომელთა წვლილიც დეზინფორმაციის გავრცელებაში უდიდესია, რომლებიც მცირედის სანაცვლოდ სრულიად არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ და უხვევენ ქვეყნის ინტერესებს, რადგან მათი მიზანი ქვეყნის განვითარების და ადამიანთა კეთილდღეობის საპირისპიროა”.


ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი თვლის, რომ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ყველა მხარეს გარკვეული როლი და პასუხისმგებლობა აკისრია.


„მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო ორგანიზაციამ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროცესში მიიღოს მონაწილეობა და მოქალაქეებს მიაწოდოს ინფორმაცია ევროინტეგრაციის და მისი მნიშვნელობის შესახებ, რა ფაქტორებია და რა არის გასათვალისწინებელი ამ კუთხით. ბუნებრივია, მედია უნდა იყოს ამ ინფორმაციის გამტარი. რაც შეეხება მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, მათაც აქვთ ამ საკითხში საკუთარი როლი. მათ შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან, ტელევიზიიდან, პრესიდან, სოციალური მედიიდან და შემდგომში ეს ინფორმაციები თავად გაანალიზონ. საკუთარი ცოდნით და გამოცდილებით, თავად მიიღონ გადაწყვეტილება, რა არის პროპაგანდა და რა არის სიმართლე“ - ივანე ჩხიკვაძე.


გრძელვადიან პერსპექტივაში დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით მოწყვლადობის თავიდან ასაცილებლად მაიკო რატიანიც თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერების უნარების განვითარება, რაც მოიაზრებს სკოლებში ამ კომპონენტის გაძლიერებას. არსებობს მედიის განვითარების ფონდის მიერ შექმნილი მედიაწიგნიერების რესურსების ბაზა www.millab.ge , რომელსაც ასევე გვიზიარებს. ამასთან, გვაძლევს რჩევებს, თითოეულმა ჩვენგანმა როგორ გავფილტროთ ინფორმაცია და როგორ გავარჩიოთ ნამდვილი ამბავი დეზინფორმაციისგან.


„პირველ რიგში, საჭიროა დავაკვირდეთ წყაროს, ვინც ავრცელებს ინფორმაციას, გსმენიათ თუ არა ამ წყაროს შესახებ, შესაძლოა ის ახლადშექმნილი ფეისბუქ გვერდი ან ვებ-საიტი იყოს და მსგავსი საიტების სანდოობა საეჭვოა. ზოგჯერ სტატია გამოირჩევა ხოლმე მყვირალა სათაურებით. მაგალითად თუ სათაურში წინადადება არ არის დასრულებული და ბმულზე გადასვლას ითხოვს. შესაძლოა წყარო სულაც არ იყოს ახლადშექმნილი, მაგრამ უნდა შევამოწმოთ ვებ-საიტის და ფეისბუქ გვერდის “ჩვენ შესახებ” განყოფილება და მოვიძიოთ ინფორმაცია მათი რეპუტაციის შესახებ. ზოგიერთი ფეისბუქ მომხმარებელი/გვერდი და მედია მცდარ ინფორმაციას გაზრახ, ადამიანების შეცდომაში შეყვანის მიზნით ავრცელებს და მათი ემოციებით მანიპულირებს. ხშირად ვრცელდებოდა ფოტო და ვიდეო მანიპულაციებიც. ფოტოს გადასამოწმებლად შეგვიძლია ის Google-ის, yandex-ის, bing-ის ან tineye-ს საძიებო სისტემებში ავტვირთოთ და შევამოწმოთ კიდევ რომელმა წყაროებმა და როდის გამოიყენეს იგივე ფოტო. ზოგჯერ ინფორმაციის გადამოწმება მარტივი არ არის და დიდ დროს მოითხოვს, რისი რესურსიც ყველას არ აქვს. ასეთ შემთხვევაში მკითხველს შეუძლია “მითების დეტექტორის” ვებ-საიტზე - www.mythdetector.ge შევიდეს და ფაქტების გადამოწმების განყოფილებაში მოძებნოს გადამოწმებული ინფორმაცია სასურველ თემაზე ან მოგვწეროს ფეისბუქ გვერდზე “მითების დეტექტორი“ - მაიკო რატიანი.


თუ თითოეული ჩვენგანი ამ რჩევებს გავითვალისწინებთ, შედარებით მარტივად შევძლებთ ინფორმაციის გაფილტვრას, მცდარის და ნამდვილის ერთმანეთისგან გარჩევას. ან მინიმუმ, ჩვენდაუნებურად არ გავხდებით დეზინფორმაციის გამავრცელებელი, გაზიარების ღილაკზე ხელის დაჭერით. და ბოლოს, რეკომენდაციები მათთვისაცაა, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ავრცელებს მცდარ ინფორმაციას და არ ფიქრობს შედეგებზე. ამისათვის არსებობს სოკრატეს სამი საცერი:


1. სიმართლის საცერი: დარწმუნებული ხარ, რომ რის თქმასაც აპირებ, სიმართლეა? - არა, უბრალოდ, რაც მოვისმინე იმას ვამბობ.

2. სიკეთის საცერი: მიპასუხე, ის, რაც უნდა მითხრა, სასიამოვნოა? - არა, პირიქით. - ესეიგი რაღაც ცუდია და თანაც არ იცი სიმართლეა თუ არა.

3. შედეგის საცერი: რამდენად სასარგებლო იქნება ჩემთვის ის, რისი თქმაც გინდა? - ვფიქრობ, რომ ის არანაირ სარგებელს არ მოგიტანს.


სოკრატეს დასკვნა:


"თუ ინფორმაციაში არ არის არაფერი არც კარგი, არც მართალი და არც სასარგებლო მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს

მის თქმას?"




Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
ორი წელი თვითმმართველობის არჩევნებიდან, რა შეიცვალა ან არ შეიცვალა ორი წლის განმავლობაში ბორჯომში, რას ითხოვს ხალხი და რას პასუხობს ადგილობრივი ხელისუფლება.
დღის ამბები
გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგი 17 მიზნისგან შედგება, რომელიც 2015 წელს მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ.
Meliora 2024-ის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 59 კომპანია 86 CSR პროექტით დარეგისტრირდა.