2 აპრილს შუალედური არჩევნები გაიმართება
2 აპრილს, საქართველოს პარლამენტისა
და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები
გაიმართება.
შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულებები
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე
მიიღო.
"2022 წლის 2 აპრილს ამომრჩევლები საქართველოს
პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ, ბათუმში კი საკრებულოს
მაჟორიტარს.
შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში (მე-12 მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქი მოიცავს ქალაქ რუსთავის 84 და გარდაბნის 33 საარჩევნო
უბანს) 117 საარჩევნო უბანი, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი
გაიხსნება" - აღნიშნულია ცესკოს
განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტის და
ბათუმის საკრებულოს გამოკლებული წევრების ასარჩევად ტარდება.
პარლამენტი ნინო ლაცაბიძემ მას შემდეგ დატოვა, რაც რუსთავის მერად
აირჩიეს, ხოლო ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ჯემალ ფუტკარაძე
გარდაიცვალა.