აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ამერიკული მხარე
ახალ 7 000 000 დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას
განახორციელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა აშშ-საქართველოს
სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი
ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა
განათლების, კულტურის, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის მიმართულებით. ასევე ისაუბრეს არსებული თანამშრომლობის
კიდევ უფრო გაფართოების საჭიროებებსა და შესაბამის გეგმებზე.
საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში,
USAID 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კიდევ ერთ მასშტაბურ 5-წლიან
პროექტს განახორციელებს. Achieving Student-Centered
Education for a New Tomorrow (ASCENT) - პროექტი გულისხმობს
საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი
საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების,
პრობლემის გადაწყვეტისა და კრიტიკული აზროვნების უნარების
განვითარებას, ასევე საუნივერსიტეტო დონეზე ისეთი პროგრამების
ხელშეწყობას, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს სკოლებში მოსწავლეზე
ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო Fulbright-ის
პროგრამის გაფართოებას. ამერიკული მხარის ინიციატივით, აღნიშნული
პროგრამის ფარგლებში, „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA)
პროექტი განხორციელდება, რომლის მიზანია რეგიონული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერნაციონალიზაციის პროცესის
მხარდაჭერა. პროექტი გულისხმობს ინგლისური ენის
სწავლების და პრაქტიკის საათებში დახმარებას,
თანამასწავლებლის-კოლეგის პროფესიულ განვითარებას, ინგლისურის
სწავლების კურიკულუმის/პროგრამის შექმნას უმაღლესი საგანმანათლებლო
ინსტიტუტებისთვის და ინტერნაციონალიზაციის გზაზე საქართველოს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური პრაქტიკის
გაუმჯობესებას.
შეთანხმებას ხელი გაზაფხულზე მოეწერება და ის სსიპ-განათლების
საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით Fulbright-ის ფარგლებში
განხორციელდება.