განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფა იგეგმება
განათლების და კულტურის სამინისტროების გაყოფასთან დაკავშირებით
მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილის ნუკრი ქანთარიას ინფორმაციით
„განათლების და კულტურის სამინისტროების გაყოფაზე შეთანხმება
უკვე მიღწეულია. მოწინააღმდეგე არ შემხვედრია, ასეთი საერთოდ არ
მეგულება. შეთანხმება არის, რომ ეს იყო შეცდომა და უნდა დაუბრუნდეს
თავის საწყის ადგილს კულტურის სამინისტრო. თებერვალში უნდა დაიწყოს ეს
პროცესი და მერე გადმოვა პარლამენტში, რომ სრულყოფილებაში მოვიდეს,
რადგან ბევრი კანონის სათაური იქნება შესაცვლელი.
აქ იყო „მცირე მთავრობის“ იდეა, მაგრამ ის, რომ შეუერთებელი რაღაცები
ერთად შევაერთეთ, ეს შეცდომა იყო, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ, მაშინ
მარტო აღმოვჩნდი. ვიცოდი, როგორც კულტურის მუშაკმა და ამ საქმეში დიდი
ხნით მყოფმა ადამიანმა, რომ ეს არ გაამართლებდა. მთელი ოკეანეა
განათლება და ამისთვის კიდევ კულტურის მიწებება აბსოლუტურად ხელოვნური
გამოდიოდა. კულტურის სამინისტრო არა მხოლოდ კოორდინაციას უნდა
უკეთებდეს, იდეა უნდა არსებობდეს და ცდილობდეს ეს ეროვნული იდეა იყოს
გატარებული. დოკუმენტი ჯერჯერობით არ მინახავს, მაგრამ პრაქტიკულად
უნდა დაიწყოს მუშაობა. სავარაუდოდ, ეს თებერვალში განხორციელდება და
დადგენილებას მთავრობა მიიღებს“.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით,
საქართველოში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი
2018 წელს ჩამოყალიბდა. სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, კულტურისა
და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდა.