წაღვერის საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი,
მონიკა ჭანტურია, დღეს, საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოების
ცერემონიაზე, ეროვნული ბიბლიოთეკის რჩეულ პედაგოგად დასახელდა.
ის დიპლომით, წიგნებით, პლანშეტით და სახელმძღვანელოების შესაძენად,
50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათით დაჯილდოვდა.
"ჩემთვის ამ გამარჯვებას მოსწავლეების სახელი ჰქვია!
დღევანდელი გამარჯვება ეკუთვნის პირველ რიგში, დაბა წაღვერის საჯარო
სკოლის მოსწავლეებს. სკოლის დირექტორი, ქალბატონი ირინა ხელისუფალი
ხელგაშლილი ხვდება ჩემს ყველა ინიციატივას და კომფორტულ გარემოს
მიქმნის. ეს წარმატება კი მაძლევს იმის ინსპირაციას,რომ ხვალ ბევრად
კრეატიული გაკვეთილები დავგეგმო. უღრმესი მადლობა ეროვნული
ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს -- გიორგი კეკელიძეს, რომელმაც გამომარჩია
და სპეციალური პრიზი გადმომცა" - ამბობს ტელეკომპანია
"ბორჯომთან" საუბრისას მონიკა ჭანტურია.
მონიკა ჭანტურიასთან ერთად, რჩეულის სტატუსი მიიღო სოფიო გოგოხიამაც
(აფხაზეთის მეათე სკოლა, რომელიც ამჟამად ჩხოროწყუში მდებარეობს).
დღეს, 12 აპრილს, თბილისში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი
ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 2019 წლის ქართული
ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელი დააჯილდოვა. კონკურსის
გამარჯვებული სკოლა „ქორალის“ პედაგოგი ნათია ფურცელაძე გახდა,
რომელსაც სპეციალური ჯილდო და სპონსორთა მიერ დაწესებული პრიზები
გადაეცა.
კონკურსის სხვადასხვა ეტაპის შედეგად, კომისიის მიერ შეირჩა 5
საუკეთესო მონაწილე. სწორედ ამ ხუთეულში იყო ბორჯომელი პედაგოგი
მონიკა ჭანტურიაც.
კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, ჩაატარეს
ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან,
ასევე შეისწავლეს თითოეული მასწავლებლის პორტფოლიო.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს
ყველა საგანში გამოავლენს საუკეთესო მასწავლებელს.