„მაღალმხარჯველი ტურისტების რაოდენობა შემცირდება - დავრჩებით ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებისა და ახლო აღმოსავლეთის იმედად“
,,თუ დასავლეთის სტრუქტურებში
ინტეგრირებას საფრთხე დაემუქრა და თუ ამას მოჰყვა ვიზალიბერალიზაციის
შეზღუდვა, საქართველო გახდება არასანდო პარტნიორი დასავლეთისთვის,“ -
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისასა გიდმა ალექსანდრე
გიორგიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, თუ საქართველო არასასურველი ქვეყნების რიგში
აღმოჩნდება, ეს თავისთავად გამოიწვევს ტურისტების რაოდენობის
შემცირებას, იქიდან გამომდინარე, რომ ტურისტები მოგზაურობამდე
ყურადღებას აქცევენ ამა თუ იმ ქვეყანაში სტუმრობის შესახებ საკუთარი
ქვეყნის რეკომენდაციებს.
„თუ საქართველო აღმოჩნდება არასასურველი ქვეყნების რიგში, რა
თქმა უნდა, შემცირდება ტურისტების რაოდენობა. ამასთან,
ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვას მოჰყვება რეისების შემცირება, იქიდან
გამომდინარე, რომ ბევრი რეისი გვაქვს არამხოლოდ იმიტომ რომ უცხოელები
ჩამოდიან, არამედ იმიტომ, რომ ქართველები ხშირად ვმოგზაურობთ
ევროპაში,“ - ამბობს გიდი.
ტურიზმის სექტორი ჩვენთან საუბარში არაერთხელ აღნიშნავდა, რომ
საქართველოს მეტი მაღალმხარჯველი ევროპელი და ამერიკელი ტურისტი
სჭირდება, რისი მიღწევის ერთ-ერთი გზაც მეტი პირდაპირი რეისია.
გიორგიძეს ვკითხეთ, პოლიტიკური კრიზისის ფონზე რამდენად მოსალოდნელია
მაღალმხარჯველი ტურისტების რაოდენობის კლება ქვეყანაში.
„იმ შემთხვევაში თუ უვიზო რეჟიმი შეჩერდება, რა თქმა უნდა
შემცირდება რეისები, ამას მოჰყვება ფასების ზრდა, პირდაპირი ფრენებისა
და ტურისტების შემცირება. ამის ფონზე, მაღალმხარჯველი ტურისტი,
რომელიც ისედაც პრობლემა იყო ჩვენს ქვეყანაში, კიდევ უფრო შემცირდება
და დავრჩებით ორი ბაზრის შემყურე - ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები
და ახლო აღმოსავლეთი, რომელთა ტურისტებიც არ არიან მაღალმხარჯველები.
მით უმეტეს მაშინ, როცა არც ჩინეთისთვის და არც კორეისა და
იაპონიისთვის ჩვენ ჯერ სასურველი მიმართულება არ ვართ და ამ
ქვეყნებიდან ამჟამად ტურისტები მასობრივად არ შემოდიან. საფრთხეები
არსებობს, თუმცა იმედი მაქვს, რომ ჩემი პროგნოზი არ გამართლდება და
ჩვენს ხელისუფლებას ეყოფა საღი აზრი, რომ ამ სცენარის განვითარება
რამენაირად არ დაუშვას,“ - განაცხადა ალექსანდრე
გიორგიძემ.
შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024
წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, საერთაშორისო მოგზაურობიდან
(ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავლებმა 3.5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც
2023 წლის ანალოგიურ პერიოდს 6.5%-ით (210 მლნ. აშშ. დოლარით)
აჭარბებს.
წყარო: bpn.ge
გააზიარეთ :