ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, 4
ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.
მთელი საქართველოს მასშტაბით
გახსნილი 22 საგამოცდო ცენტრი წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
დარეგისტრირებულ 90 000-მდე პირს მოემსახურება.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი
დარეგისტრირდა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებულია 2
500-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის 9 500-ზე მეტი
აპლიკანტი; ხოლო მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების
გამოცდის ჩასაბარებლად სულ 35 500-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული
(საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა –
უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო 12 500-ზე მეტმა –
წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა).
რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ზუსტად 08:00 საათზე,
თავად გამოცდა კი 09:00 საათზე დაიწყება. მეორე სესიაზე რეგისტრაციის
დაწყების დროა 14:00 საათი, გამოცდისა კი - 15:00 საათი.
მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე აბიტურიენტი დროულად გამოცხადდეს
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ
დაიშვებიან.