4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება
ეპიდვითარების გაუმჯობესების
ტენდენციის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, სკოლების დიდ ნაწილში, 4
ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება. აღნიშნულზე
განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
„რაც შეეხება პირველკასელებს, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან
გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო
გადაწყვეტილება, პირველკლასელებმა სწავლა არა 15 სექტემბერს
დისტანციურ ფორმატში, არამედ 4 ოქტომბერს, დასწრებით ფორმატში,
საკლასო ოთახებში დაიწყონ. ეს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ და
მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი
სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება. აღნიშნული
გადაწყვეტილება ეფუძნება პედაგოგიკურ მოსაზრებას, რომლის თანახმად
პირველკლასელთა პირველი სასკოლო გამოცდილება უმჯობესია წარიმართოს
საკლასო გარემოში, თანაკლასელებისა და მასწავლებლების
გარემოცვაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლები,
პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები
15 სექტემბერს სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ და ამ ფორმატით
სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.