თეთრიწყაროსა და გორის სასამართლოების გადაწყვეტილებებს ცესკო სააპელაციოში ასაჩივრებს
საარჩევნო ადმინისტრაცია
თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს
სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.
როგორც ცესკოს განცხადებაშია ნათქვამი, საარჩევნო ადმინისტრაცია
დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ იზიარებს თეთრიწყაროს რაიონული
სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს
მუნიციპალიტეტების საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმების
შესახებ.
„აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარად წინააღმდეგობაში მოდის
ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციების
სასამართლოებში წარმოებულ ყველა სხვა დავასთან. შესაბამისად,
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 4 ნოემბერს მიღებული
გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნება სააპელაციო
სასამართლოში“, — ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
ცესკო ამტკიცებს, რომ ხმის ფარულობას უზრუნველყოფდა სპეციალური ჩარჩო
ფორმა.
„ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი, არსებობის
შემთხვევაში, ჩარჩო ფორმის დანიშნულების გათვალისწინებით, ვერ
ჩაითვლება ნების იდენტიფიცირებად“, — აცხადებს ცესკო.
ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სააპელაციო სასამართლოში უკვე
გასაჩივრებულია გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის
მიხედვითაც №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიას ამავე ოლქში შემავალი
15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა
დაევალა.
თეთრიწყაროს სასამართლომ საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა და ხმის
ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ წალკის
საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და თეთრიწყაროს
საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგები
გააუქმა.