„პური ისევ ძვირი დარჩა ქვეყანაში, გაიაფდა მხოლოდ ფქვილი და ხორბალი“
როგორც უკვე ცნობილია, საქართველოში
იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადი მოქმედებს.
აღნიშნული განკარგულება მთავრობამ
2023 წლის 12 ივნისიდან აამოქმედა, რომელსაც 2024 წლის 1-ელ მარტამდე
უნდა ემოქმედა, თუმცა 1-ელ სექტემბრამდე გახანგრძლივდა.
თავდაპირველად, ბაჟი ტონაზე 50 ლარს შეადგენდა, მოგვიანებით, 2023
წლის 10 ოქტომბრიდან ეს გადასახადი 250 ლარამდე გაიზარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად, მთავრობაში ადგილობრივი
მეხორბლეებისა და წარმოების წახალისებას ასახელებდნენ.
როგორც მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, კომპანია
"შირაქის" დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიაიძე აღნიშნავს, საიმპორტო
გადასახადის დაწესება სწორი იყო, თუმცა ამას მუდმივი დაკვირვება და
ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა სჭირდებოდა. მისი თქმით,
იმის გამო, რომ ხან გადაწყვეტილების მიღება დაგვიანდა, ხანაც
დაწესებული ბაჟი არასაკმარისი აღმოჩნდა, ამან მეხორბლეებზე ეფექტი ვერ
მოახდინა. როგორც ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, გადაწყვეტილებამ დადებითად
მხოლოდ წისქვილებზე იმოქმედა, თუმცა ისინიც ნახევარი დატვირთვით
ამუშავდნენ, რადგან ქვეყანაში ფქვილი მაინც იაფად შემოდიოდა. შედეგად
კი, „პური ისევ ძვირი დარჩა ქვეყანაში, გაიაფდა მხოლოდ ფქვილი და
ხორბალი“.
„ეს იყო ფერმერებისთვის გადადგმული ნაბიჯები, მაგრამ
რეალურად, მათზე ეფექტი ვერ მოახდინა. ამან უფრო იმოქმედა იმ კუთხით,
რომ წისქვილები ამუშავდნენ. თუმცა, როგორც თვითონ ამბობენ, ნახევარი
დატვირთვით მუშაობენ, რადგან ფქვილი მაინც იაფად შემოდიოდა ქვეყანაში.
დაწესებული გადასახადები (ფქვილის საიმპორტო გადასახადი) იყო კარგი,
ამას სჭირდებოდა ინტენსიური დაკვირვება და მუდმივი კონტროლი. იმიტომ,
რომ იქ კურსის ცვლილება იყო, ვალუტის რყევა რუსეთში, მალე გაიაფდა და
იმ დადგენილმა ფასებმა რაც იყო, ვერ იმუშავა ფერმერების სასარგებლოდ.
ჩვენ რომ ვამბობთ, ფერმებმა ხორბალი თვითღირებულებაშიც ვერ გაყიდეს,
ვგულისხმობთ იმას, რომ 70 თეთრი იყო შეთანხმება და 50 თეთრებში
მოუწიათ გაყიდვა, რაც არის, ჩათვალეთ, მინუსში გასვლა. ამიტომ, უჭირს
ამ სექტორს ძალიან.
ეს უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ეფექტური ფასები უნდა დაედოს და ეს
ყველაფერი გაკონტროლდეს. ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები არის კარგი,
მაგრამ ეფექტი ვერ აქვს, რადგან ან გვიანდება ამ გადასახადის
შემოღება, ან არასაკმარისი ფასი (საიმპორტო გადასახადი) ედება, ისე,
რომ ღირებულება ვერ იზრდება ადგილობრივ ბაზარზე. შედეგად, პური ისევ
ძირი დარჩა ქვეყანაში, გაიაფდა მხოლოდ ფქვილი და ხორბალი“,-
ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე.
წყარო:ბიზნესპრესნიუსი