ეკონომიკა
რა არის ოფშორი და როგორ იყენებენ მას ოლიგარქები?
თანამედროვე ფინანსურ სამყაროში ოფშორი წარმოადგენს მდიდარი მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის ერთგვარ თავშესაფარს, სადაც ისინი გადასახადების, გამჭვირვალობისა და მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევას ახერხებენ.

ოფშორი ანუ იგივე "საგადასახადო სამოთხე" მარტივ პრინციპს ეფუძნება, რომელიც კონფიდენციალურობაზე დგას. როგორც წესი, ოფშორი არის მცირე ზომის სახელმწიფო ან ადმინისტრაციული ტერიტორია, რომელსაც ადგილობრივი კანონმდებლობა ისე აქვს მოწყობილი, რომ ის არა მოსახლეობის, არამედ იქ დაფუძნებული კომპანიების, ფონდებისა და ტრასტების ინტერესებს ერგება. ოფშორად ქცევის გზას, ძირითადად, ისეთი კუნძულოვანი სახელმწიფოები ირჩევენ, რომელთაც სხვა არცერთი ინდუსტრია და ეკონომიკური სექტორი განვითარებული არ აქვთ, შემოსავლის მიღების ერთადერთ წყაროდ კი მათ ეს უჩვეულო საქმიანობა რჩებათ, რომელიც საამაყო რეპუტაციით ნამდვილად არ სარგებლობს.

განსაკუთრებით მოთხოვნადი ოფშორული ტერიტორიების სიაში შეხვდებით: პანამას, ვირჯინიის კუნძულებს, კვიპროსს, ბაჰამის კუნძულებს, კაიმანის კუნძულებს, ბარბადოსს, ბელიზს, მარშალის კუნძულებსა და მაკაოს. ზემოხსენებული ტერიტორიების შემთხვევაში, ერთ კვადრატულ მეტრზე, შესაძლოა, 500-მდე კომპანია და ტრასტი იქნეს რეგისტრირებული, ერთი პანამელი მოქალაქე კი ათასობით კომპანიის დირექტორად შეიძლება ფიქსირდებოდეს, რაც ოფშორებში სავსებით ბუნებრივი მოვლენაა.

ცხადია, სერვისის გაწევის სანაცვლოდ ოფშორები გარკვეულ შემოსავალს იღებენ, რაც აქტივების მართვის სანაცვლოდ მინიმალური საკომისიოს ტოლფასი შეიძლება იქნეს, თუმცა თუ იქ დაბინავებული აქტივების მოცულობას გავითვალისწინებთ, დავინახავთ, რომ ეს ნამდვილად სარფიანი საქმიანობაა.

განვითარებული სახელმწიფოები ოფშორებს ისე განიხილავენ, როგორც შავბნელ ზონას, სადაც იმალება ყველაფერი - გადასახადებით დაწყებული, მოპარული ფულით და კრიმინალური საქმიანობით დაგროვილი აქტივებით დამთავრებული. ოფშორებს, უმეტესწილად, ისეთი ადამიანები და კომპანიები მიმართავენ, რომელთაც ეროვნული გადასახადების თავიდან არიდება ან თავიანთი აქტივების გადამალვა სურთ.

აი, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ კომპანიას ათამდე სხვადასხვა ტიპის გადასახადის გადახდა უწევს, რომელთა ჯამური მოცულობა ხშირად 20%-ს აჭარბებს. შედარებისთვის, ოფშორში ამ ტიპის გადასახადების მოცულობა 0-დან 2%-ის ფარგლებშია, სწორედ ამიტომ, კომპანიებს ურჩევნიათ, ჰოლდინგი ოფშორში გადაიტანონ და სახელმწიფო გადასახადები უბრალოდ თავიდან აირიდონ.

მაგალითად, კომპანიას საშუალება აქვს, აქტივები, პატენტები და ინტელექტუალური საკუთრება ოფშორში დაარეგისტრიროს, ხოლო საქმიანობა ქვეყანაში ისევ ჩვეულებრივად გააგრძელოს. ვინაიდან, ის იურიდიულ დონეზე, ოფშორული წარმოშობის იქნება, მას ქვეყანაში გადასახადების გადახდა აღარ მოუწევს, დაზოგილ თანხას კი არა ქვეყნის ბიუჯეტი, არამედ კომპანიის მფლობელი მიიღებს.

მართალია, ოფშორის გამოყენება გადასახადების თავიდან არიდების არალეგალურ სქემას ჰგავს, თუმცა ის ნებადართულია, რადგან სუვერენულ სახელმწიფოებს ერთმანეთის იურისდიქციაში ჩარევის და გადასახადის ძალით ამოღების საშუალება არ აქვთ, ოფშორული სისტემა კი სწორედ ამ მოცემულობით სარგებლობს. რამდენად მორალურად გამართლებულია ეს ქმედება, სხვა საკითხია, თუმცა ფაქტია, რომ ოფშორით სარგებლობა კანონით ნებადართულია.

ექსპერტების შეფასებით, ოფშორებში რეგისტრირებული აქტივების მოცულობა დაახლოებით 10 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც ევროკავშირის ჯამური ეკონომიკის მოცულობის თითქმის ნახევარია. ამ კოლოსალური მოცულობის აქტივებით სახელმწიფოები და მათი მოქალაქეები სარგებელს ვერ იღებენ, მათ მიღმა მდგომი კომპანიები და ინვესტორები კი უპრობლემოდ განაგრძობენ საერთაშორისო სავაჭრო სისტემით, გლობალური ბაზრითა და სახელმწიფოების მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურით სარგებლობას.

გადასახადების თავიდან არიდების გარდა, ოფშორებს კიდევ ერთი დანიშნულებით იყენებენ და ეს არალეგალურ საქმიანობას უკავშირდება. მოგეხსენებათ, ოფშორებში არსებული კანონმდებლობა იმდენად ბუნდოვანია, რომ იქ ფაქტობრივად ნებისმიერი სახის საქმიანობიდან მიღებული ფულის შენახვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ოფშორებში არსებული კანონმდებლობა სხვა ქვეყნების საგამომძიებლო ორგანოებსა და სასამართლოებს თანამშრომლობის საშუალებას არ აძლევს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, საფრანგეთში დაჭერილ თაღლითს ოფშორში რეგისტრირებულ აქტივებს სასამართლო მარტივად ვერ ჩამოართმევს. სწორედ ამიტომ კრიმინალური დაჯგუფებები, თაღლითური ორგანიზაციები და არალეგალური საქმიანობებით დაკავებულ პირები ოფშორული სერვისებით ხშირად სარგებლობენ.

ოფშორული ტერიტორიების განსაკუთრებით აქტიური კლიენტები ოლიგარქები არიან, რადგან, როგორც წესი, მათ ყველაზე დიდი მოცულობის აქტივები აქვთ გადასამალი. მაგალითად, რუსი ოლიგარქები ოფშორებში მილიარდობით დოლარის ღირებულების ფასიან ქაღალდებს, აქტივებს, სახლებს, იახტებს, თვითმფრინავებს, ძვირფასეულობასა და ხელოვნების ნიმუშებს არეგისტრირებენ, რათა თავი დაიცვან როგორც საერთაშორისო სანქციებისგან, ასევე თავად რუსეთის მთავრობისგან.

ომის დაწყებისა და საერთაშორისო სანქციების ამოქმედების შემდეგ, დასავლეთის მასშტაბით განსაკუთრებით გააქტიურდა მსჯელობა ოფშორული კანონმდებლობის გამკაცრების და იმ სამართლებრივი ხვრელის ამოქოლვის შესახებ, რომელიც ოლიგარქებსა და კრიმინალებს სანქციებისგან თავის არიდების საშუალებას აძლევს. როგორც ცნობილია, ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები ახალ ინიციატივაზე მუშაობენ, რომელიც ისეთი გამჭვირვალობის სტანდარტების დაწესებას მოითხოვს, რომელიც ოფშორული სტრუქტურის მქონე კომპანიებს ოპერირებაში შეუშლის ხელს. მართალია, ასეთი ინიციატივა ოფშორულ სისტემას არსებითად ვერ შეცვლის, თუმცა ის მორიგ ნაბიჯად შეიძლება იქცეს ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლაში. თავად ოფშორული პრაქტიკის სრულად აღმოფხვრა თითქმის შეუძლებელია, რადგან ამ სერვისით სწორედ ისეთი გავლენიანი პირები და კომპანიები სარგებლობენ, რომელთაც ლობირების განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვთ.

მსოფლიოს მასშტაბით ყველა კანონმდებელს კარგად ესმის, რომ ოფშორებს სარგებელი მხოლოდ იმ ადამიანებისთვის მოაქვთ, რომელთაც გადასახადების თავიდან არიდება და მართლმსაჯულებისგან დამალვა სურთ, სწორედ ამიტომ, ოფშორული სტატუსის მიღება არცერთ ნორმალურ სახელმწიფოს არ სურს, განსაკუთრებით კი ისეთს, რომელსაც ევროკავშირის წევრობა აქვს განზრახული.



წყარო: bm.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოში იმ მსესხებლების
რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან,
12:26 / 19.12.2024
საქართველოში იმ მსესხებლების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან,
17 დეკემბერს ქართული ეროვნული
ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა.
16:14 / 17.12.2024
17 დეკემბერს ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა.
გლობალურ ბაზარზე ბოლო ორი კვირის
განმავლობაში ნავთობის ფასი გაიზარდა. WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი ორი
კვირის წინ ბარელზე 68.72 დოლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით კი
ფასი 71.29 დოლარამდეა გაზრდილი.
16:41 / 15.12.2024
გლობალურ ბაზარზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნავთობის ფასი გაიზარდა. WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი ორი კვირის წინ ბარელზე 68.72 დოლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით კი ფასი 71.29 დოლარამდეა გაზრდილი.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება
2.7938 ლარი გახდა.
16:59 / 09.12.2024
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7938 ლარი გახდა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8478 ლარი გახდა. ეროვნული
ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი
ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8478 ლარი გახდა.
16:21 / 02.12.2024
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8478 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8478 ლარი გახდა.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.