ახალი ამბები
საქართველოში 277 ადამიანს თვეში ნახევარ მილიონამდე აქვს ხელფასი, 12 500 ადამიანი კი - 100 ლარზე ნაკლებს იღებს
ორი დღის წინ, ფონდი „საფარის“
დირექტორმა ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში
დაწერა,
რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის
მოადგილე რაისა ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ
საქართველოში 277 ადამიანის თვიური ხელფასი ნახევარი
მილიონი ლარია.
სტატსუსს მოსახლოების მხრიდან სერიოზული გამოხმაურება
მოყვა. მათმა ნაწილმა ვერ დაიჯერა, რომ არსებობენ
ადამიანები, რომელთა თვიური შემოსავალი ამხელა თანხას
აღწევს.
ვინ არიან ისინი, რომელ სექტორში არიან
დასაქმებულები და როგორია საქართველოში მინიმალური
ხელფასი, ამ კითხვებით რაისა ლიპარტელიანს მივმართეთ
- რაისა, ნამდვილად არსებობს საქართველოში 277 ადამიანი,
რომლის თვიური ხელფასიც, საშუალოდ, ნახევარი მილიონი
ლარია?
- დიახ, ახლა გვაწვდის ფინანსთა სამინისტრო მონაცემებს,
სადაც ასევე გვაქვს გრადაცია, რამდენ ადამიანს აქვს 100-500
ლარამდე ხელფასი და მეტი. ამ კონტიგენტში 277 ადამიანის
საერთო სახელფასო ფონდია მითითებული, საშუალოს თუ
გამოვიყვანთ, გამოდის, ნახევარი მილიონი ლარი თვეში.
მაგალითად, შარშან დეკემბრის მონაცემი რომ ვნახოთ, 493
ადამიანია, ვისაც თვეში 350 ათასი ლარი ჰქონდა საშუალო
ხელფასი. ამ ციფრებში ძალიან საინტერესო სტატისტიკა
ჩანს, ეს არის რეალურად იმის პასუხი, როდესაც ქვეყნდება
მონაცემები, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა და საშუალო
ხელფასი იმატებს. რატომ ვერ გრძნობს ამას ხალხი და
სინამდვილეში პასუხი არის ეს.
გუშინ ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში დაწერა ამ თემაზე.
ჩვენ ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიყავით და იქ ვისაუბრე. თორემ
იქამდე ქარდებიც დავდეთ ჩვენს გვერდზე, ვცდილობდით, რომ
საზოგადოების ყურადღება მიგვეპყრო.
შარშან ოქტომბერში მინიმალურ სახელფასო სარგოზე
შევიტანეთ ინიციატივა, სადაც ფინანსური გათვლები გვაქვს.
ჩვენ ვამბობთ, რომ თუ არსებული სახელფასო ფონდები
სამართლიანად და თანაბრად განაწილდება, ეს მოგვცემს
საშუალებას, რომ მინიმალური ხელფასის მომატების გამო
კერძო ბიზნესსა თუ საჯარო სექტორს არ მოუწიოს დამატებითი
ხარჯების გაღება.
- ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, ვისაც ნახევარ
მილიონამდე აქვთ ხელფასი, რომელ სექტორებში არიან
დასაქმებულები?
- ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, მაგრამ სახელმწიფოს
რა თქმა უნდა, ექნება ეს მონაცემები. ზოგადად, კერძო და
საჯარო სექტორი პირობითია. როდესაც საჯაროს ვახსენებთ,
ყველას წარმოუდგენია, რომ საუბარია მხოლოდ პარლამენტსა და
მთავრობაზე. სინამდვილეში საბიუჯეტო უდიდესი
სეგმენტია, მაგალითად რკინიგზა, ფოსტა, აქ დირექტორებს და
მენეჯმენტის ნაწილს კოლოსალური ხელფასები აქვთ. იგივე
ხდება აიპებში, სიპებში... იმის თქმა მინდა, რომ არ ნიშნავს
იმას, რომ მარტო კერძო სექტორის არის ეს მონაცემები.
- შესაძლოა რომელიმე მსხვილი კერძო კომპანიის
დირექტორს ჰქონდეს ეს ხელფასი, უბრალოდ, მან დაუნიშნოს
საკუთარი თავს?
- არ არის გამორიცხული. იმიტომ რომ, რაც ცხადად შეგვიძლია
ვთქვათ, ეს არ არის ბიზნესის შემოსავალი, ეს არის ფიზიკური
პირის შემოსავალი და მაღალი ალბათობით, აქ ხვდებიან
სწორედ ასეთი ადამიანები, ხელმძღვანელი პირები, რომლებიც
დასაქმებულები არიან სხვადასხვა სფეროში.
- კოვიდამდე ნახევარი მილიონ ლარამდე ხელფასი მხოლოდ 88
ადამიანს ჰქონდა, თუმცა ეს ციფრი ახლა რამდენიმეჯერ
გაზრდილია. რეალურად გვესმის, რომ პანდემიის შემდეგ ხალხი
გაღარიბდა, დაიდეს ვალები, დაკარგეს სამსახურები,
დაზარალდა ბიზნესი...
- ეს არის მთელი პრობლემა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს
სახელფასო პოლიტიკის მექანიზმი. ეს გახლვათ: სახელფასო
პოლიტიკა, მარეგულირებელი და ჩამკეტი მექანიზმები,
რომლებიც არ მისცემს ბიზსნესს საშუალებას, დამსაქმებელს
ჰქონდეს 200 და 300-ჯერ მეტი ხელფასი ვიდრე ქვედა რგოლს.
ყოველთვის, როდესაც კრიზისები წარმოიქმნება, როგორც
კოვიდის შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო აღრმავებს
უთანასწორობას. ჩვენი ქვეყანა უთანასწორობის
მაჩვენებლით ბოლო პოზიციაზეა, ამიტომ არ არის
გასაკვირი.
კოვიდის შემდეგ მოხდა ხელფასების მატება. ზოგადად,
ჩვენთან საშუალო ხელფასი ყოველ თვე იმატებს, როგორც
საჯარო, ისე კერძო სექტორში, ახლა 1711 ლარია საშუალო. დიახ,
იყო კოვიდი, მაგრამ ვიცით, რომ მილიონობით მოგება მიიღო
საბანკო, საფინანსო და ასევე სამედიცინო სექტორმა.
საბედნიეროდ, ამ სამედიცინო სექტორისთვის მაინც დაწესდა
მინიმალური ხელფასის ზღვარი, რაც დიდი საოცრება არ არის,
მაგრამ საათობრივი ხელფასი დადგინდა ექიმებისთვის და
ექთნებისთვის. ამან მოგვცა ის შედეგი, რომ 18 ათას ადამიანს
ამ სფეროში გაეზარდათ ხელფასი. დიახ, შეიძლება რაღაც
საწარმოები დაიკეტა, მაგრამ იყო სექტორები, რომლებმაც ამ
პერიოდში იხეირეს.
- მინიმალურ ხელფასზეც გკითხავთ, რამდენია ახლა
საქართველოში ეს ზღვარი?
- ოფიციალურად 1998 წელს ედუარდ შევარდნაძის მიერ მიღებული
აქტი, რომელიც მინიმალურ ხელფასს განსაზღვრავს და ეს არის 20
ლარი თვეში. რა თქმა უნდა, 20 ლარად თვეში ადამიანები არ
მუშაობენ, მაგრამ საქსტატის მონაცემებს თუ ჩავხედავთ, ბოლო
მონაცემებით, 12 500 ადამიანს ჰქონდა 100 ლარი და უფრო
ნაკლები ხელფასი. ეს დარიცხულ თანხებზეა საუბარი.
მაგალითად, არსებობენ ადამიანები, მუსიკის სკოლის
პედაგოგები, რომელთა მაქსიმალური ხელფასი 100 ლარია,
ისიც თუ ჰყავთ ლაურეატი მოსწავლეები. მე პირადად ვიცნობ
ადამიანებს, ვინც იღებს თვეში 22 ლარს და 35 ლარს. მეორე
პრობლემა ის არის, რომ სულ ქვეყანაში ასეთი პედაგოგი მხოლოდ
500-ია.
რამდენიმე წლის წინ, კოვიდამდე რაღაც ღონისძიება იყო,
სადაც პედაგოგებს შვილებთან ერთად აჯილდოვებდნენ.
აღმოჩნდა, რომ ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანი ამ
პროფესიაში, 50 წლის ქალი იყო, რომელსაც ჰყავდა 12 წლის
შვილი. პროფესია ბერდება... პედაგოგებს ერთი ეგ აქვთ
გამონაკლისი, რომ პენსიაც შეუძლიათ მიიღონ და
ხელფასიც.
მეორე მხრივ, იმავე ხელფასის სტანდარტი რომ ავიღოთ, ეს
მიდგომა ახალისებს ჩრდილოვან ეკონომიკას. გეტყვით ეს რას
გულისხმობს, რა თქმა უნდა, ადამიანების უმრავლესობას უფრო
მეტი ხელფასი აქვთ და ნაკლების დეკლარირება ხდება. ეს
როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის ინტერესშია, რომ
ნაკლები საშემოსავლო გადაიხადოს. დანარჩენი ხდება
არაფორმალურად ურთიერთობებით. ჩვენს ქვეყანაში ძალიან
მაღალია არაფორმალური დასაქმების სისტემა. საქსტატის ბოლო
მონაცემებს თუ შევხედავთ, 29 პროცენტია, სადაც არ შედის
სოფლის მეურნეობის სექტორი.
წყარო:
BPN
გააზიარეთ :