2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დღეს პარლამენტი განიხილავს
პარლამენტი 15 ნოემბრის პლენარულ
სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს.
მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს სესიაზე ფინანსთა მინისტრი
ლაშა ხუციშვილი წარადგენს.
2024 წლის ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი
მაკროეკონომიკური პარამეტრები: - რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია
5,2%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური
ზრდის პროგნოზი 5%-ს შეადგენს.
მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 3%-ს შეადგენს და იგივე მაჩვენებელი
შენარჩუნებულია მომდევნო წლებშიც. საშუალო ინფლაციის პროგნოზი
მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია და 2.8%-ს შეადგენს.
ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 85.4 მლრდ ლარის ოდენობით,
ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 8 500
დოლარს აჭარბებს. 2027 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი
შიდა პროდუქტის ზრდა 108.0 მლრდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე
გადაანგარიშებით 10 800 დოლარს გადააჭარბებს.
ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2,5%-ს შეადგენს, ხოლო მთავრობის
ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 38,2%-ის ფარგლებშია.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საფინანსო სექტორის მოგების
გადასახადის განახლებული მაჩვენებლისა და სათამაშო ბიზნესის
საგადასახადო განაკვეთების ზრდა 2024 წლის ბიუჯეტის საგადასახადო
შემოსავლებს 700,0 მლნ ლარით ზრდის. შესაბამისად, ამავე მოცულობით
იზრდება ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და 28,5 მლრდ ლარს
შეადგენს.
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად
სამინისტროს დაფინანსება დამატებით გაზრდილია 65,0 მლნ ლარით და ჯამში
7 800,0 მლნ ლარს შეადგენს.
ბიუჯეტის პირველად ვარიანტში გათვალისწინებული იყო 70 წლის და მეტი
ასაკის პენსიონერთა პენსიის 50 ლარით ზრდა და განისაზღვრება 415 ლარის
ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან
დასახლებებში თითქმის 500 ლარს გაუტოლდება.
70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება და 315 ლარის ოდენობით
განისაზღვრება, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 380 ლარს
გაუტოლდება.
გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე
შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 50 ლარით, ხოლო დანარჩენი
კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით.
ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,6 მილიარდი
ლარი, მათ შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის
ხელფასების 10%-იანი ზრდა.
დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 230,0 მლნ
ლარი. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე
მუნიციპალური ბიუჯეტებიდან გამოიყოფა 300,0 მლნ ლარზე მეტი.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დამატებით გამოყოფილი 65,0 მლნ ლარის
ფარგლებში განხორციელდება: - სახელმწიფო კომპენსაციებისა და
აკადემიური სტიპენდიებისთვის არსებული ზედა ზღვრის (560 ლარი)
გადაანგარიშება 1 000 ლარამდე. ამავდროულად, პოლიციელებსა და
ჯარისკაცებზე, ნამსახურების თითო წელს განსაზღვრული თანხის საშუალოდ
20%-იან ზრდა. უწყების ინფორმაციით, შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება
იმ პირთა კომპენსაციები, რომლებიც იღებდნენ მაქსიმალურ ზღვარს, ხოლო
სხვა პირთა კომპენსაცია საშუალოდ 20%-ით გაიზრდება.
საყოფაცხოვრებო სუბსიდიის 7 ლარიანი მოცულობა გაიზრდება 40 ლარამდე,
22 ლარიანი - 60 ლარამდე, ხოლო 44 ლარიანი - 80 ლარამდე.
გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება, რითაც შესაძლებელი
იქნება პენსიონერთათვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო
მედიკამენტების დაფინანსება სრული წლის განმავლობაში.
განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება ბიუჯეტის
პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 160,0 მლნ ლარით
(ჯამურად580,0 მლნ ლარით იზრდება), რომლის ფარგლებშიც
გათვალისწინებულია:
საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა - სრული დატვირთვის
(კვირაში არანაკლებ 18 საგაკვეთილო საათი) მასწავლებლების საშუალო
ანაზღაურება გაიზრდება 500 ლარით. ამ მიზნით პირველად ვარიანტთან
შედარებით დამატებით 30,0 მლნ ლარი გამოიყო;
საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების
10%-იანი ზრდა;
საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 450,0 მლნ
ლარამდე - ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით დაფინანსება
გაზრდილია 104,0 მლნ ლარით;
საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 225,0 მლნ ლარზე მეტი
მიიმართება;
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში
შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების 100
ლარიანი ზრდა.
კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან 850,0 მლნ
ლარზე მეტი მიიმართება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში
გათვალისწინებულია 480,0 მლნ ლარი. ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან
შედარებით დამატებით 20,0 მლნ ლარი გამოიყო.
თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის
დაფინანსება 250,0 მლნ ლარზე მეტით იზრდება (პირველად ვარიანტთან
შედარებით დაფინანსება გაზრდილია 65,0 მლნ ლარით), რომლის ფარგლებშიც
გათვალისწინებულია პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი
ზრდა. თავდაცვის ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობების
განვითარებისათვის გათვალისწინებულია 330,0 მლნ ლარი.
ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ჯამში 6.5 მილიარდ
ლარზე მეტი მიიმართება, მათ შორის: - საგზაო ინფრასტრუქტურის
გაუმჯობესებაზე მიიმართება 1,7 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის
ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას 1,2 მილიარდ ლარზე მეტი
მოხმარდება;
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია
2,0 მილიარდ ლარზე მეტი (დამატებით110,0 მლნ ლარი გამოიყო).
წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე 500,0 მლნ
ლარამდე მიიმართება.
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 800,0 მლნ ლარზე მეტი
(ბიუჯეტის პირველ ვარიანტთან შედარებით დაფინანსება გაზრდილია 104,0
მლნ ლარით).
ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია 170,0
მლნ ლარზე მეტი. ენერგო ინფრსტრუქტურისთვის გათვალისწინებულია 120,0
მლნ ლარი.
მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით 2024 წელს
გათვალისწინებულია 300,0 მლნ ლარზე მეტი.
სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია
580,0 მლნ ლარზე მეტი.
გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის გამოყოფილია 180,0 მლნ
ლარზე მეტი.
2024 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა
ანაზღაურების 10%-იანი ზრდა.
სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 24 865,5 მლნ ლარს შეადგენს,
რაც ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 704,3
მლნ ლარით.