მთავრობა ბაკურიანისთვის 10 ახალ ავტობუსს შეიძენს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა
ბაკურიანისთვის 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე
გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ,
რომ ავტობუსების შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 1
მილიონი ევროა.
მათივე ცნობით, კურორტ ბაკურიანის ადგილობრივი მოსახლეობა და
დამსვენებლები ახალი ავტობუსებით სარგებლობას შემოდგომიდან შეძლებენ.
სამგზავრო ავტობუსებთან ერთად, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის
თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი
ნარჩენების მართვის და საცობების პრევენცია-განეიტრალებისთვის საჭირო
ტექნიკის შეძენა.