ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან
დაკავშირებით
საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო
ღონისძიებებში ჩაერთო.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, თავდაცვის ძალებმა საკარანტინო
ზონასთან სპეციალური გამშვები პუნქტები მოაწყო.
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ტექნიკა
მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე გამთენიისას შევიდა. მთელი ღამის
განმავლობაში აღმოსავლეთ სარდლობის პირადმა შემადგენლობამ მარნეულისა
და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან საკონტროლო გამშვები პუნქტი 5
ლოკაციაზე მოაწყო. გაიშალა საველე კარვები, სადაც მოქალაქეებს
თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი პირველად სამედიცინო
შემოწმებას უტარებს. ტერიტორიაზე შემავალი და გამომავალი
ავტოტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება.
თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მარნეულისა და ბოლნისის გარე
პერიმეტრსაც გააკონტროლებენ.
თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე
გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი:
„მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ბოლნისისა
და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით
საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო
ღონისძიებებში ერთვება.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრული კოორდინაციით, თავდაცვის ძალები
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან მოაწყობს და დაიცავს
სპეციალურ გამშვებ პუნქტებს.
კორონავირუსი არის პანდემია, რომელსაც მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით
მოვერევით და რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარი, როგორც ყოველთვის, იყო, არის
და იქნება იქ, სადაც ჩვენს ხალხს და სახელმწიფოს სჭირდება.
ვემსახურებით საქართველოს!“