,,ლარსზე სურსათით დატვირთული 1000-ზე მეტი მანქანა დგას''- ლევან დავითაშვილი
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ლარსზე
სურსათით დატვირთული 1000-ზე მეტი მანქანა დგას, ვინაიდან
ზვავსაშიშროების გამო გზის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება ვერ
ხერხდება.
როგორც მინისტრი განმარტავს, მოსახლეობის მხრიდან პანიკური მოთხოვნისა
და უკონტროლო შესყიდვების გამო გარკვეული პერიოდი ბურღულეულზე
შეფერხება იყო. ლევან დავითაშვილი საზოგადოებას სიწყნარისკენ
მოუწოდებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ქვეყანას პროდუქტების
მარაგი აქვს. მისივე განმარტებით, სამინისტრო 24-საათიან რეჟიმში
მუშაობს იმისთვის, რომ კრიტიკულ სიტუაციაში, კრიზისულ პერიოდში
სტაბილური ფასების შენარჩუნება მოხდეს.
„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ბიზნესებს, იყო პრემიერის განცხადებაც,
თითოეული ბიზნესი მაქსიმალურად პასუხისმგებლიანი უნდა იყოს და არ უნდა
გამოიყენოს სიტუაცია სპეკულაციისთვის. თუმცა, პანიკა ხელს უწყობს ასეთ
მოვლენებს და კიდევ უფრო რთულს ხდის პროცესების მართვას. ველოდებით,
რომ 2-3 დღეში კლიმატური სიტუაცია გამოსწორდება, გზის გაწმენდა
მოხდება და ის უზარმაზარი მარაგი, რომელიც ძალიან დიდია და ჭარბად
არის შეკვეთილი, ვინაიდან ჩვენ რეგულარული მუშაობა გვქონდა ყველა
მომწოდებელთან, ქვეყანაში შემოვა'',- განაცხადა დავითაშვილმა.