ბორჯომის მერიამ შესაძლოა მოსახლეობის მიღება შეწყვიტოს
ბორჯომის მერია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,
შესაძლოა, მოსახლეობასთან სატელეფონო კომუნიკაციაზე გადავიდეს.
მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზაალიშვილმა ტელეკომპანია
„ბორჯომს“ განუცხადა, რომ კონკრეტული ზომების მისაღებად, მთავრობის
სხდომის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში
მოქალაქეთა მიღება ამ ეტაპზე შეზღუდული არ არის და ტრადიციულად ყოველ
დღე
ხდება, ხოლო ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ყოველ ოთხშაბათს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ, საკუთარი სურვილით, უკვე შეზღუდა
მოსახლეობის მიღება. კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის
მიზნით, 11-დან 20 მარტის ჩათვლით, მოქალაქეებს, გადაუდებელ საქმეზე,
მუნიციპალიტეტთან ტელეფონით დაკავშირება შეეძლება. მოქალაქეთა მიღების
ბიუროში კი განცხადებებს ჩაიბარებენ.
დღეს, 12 მარტს, კახა კალაძემ მოსახლეობას თხოვნით მიმართა, შეიკავონ
თავი მუნიციპალური და სახელმწიფო სერვისებით სარგებლობისგან.
,,მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, მაქსიმალურად
შეიკავონ თავი ხალხმრავალ ადგილებში მისვლისგან, მათ შორის,
მუნიციპალური და სახელმწიფო სერვისცენტრების მომსახურებით
სარგებლობისგან, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ დგას’’, -
განაცხადა თბილისის მერმა, კახი კალაძემ.