ჩინეთიდან ჩამოსულ მამაკაცს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ყველა ჩივილი აქვს
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით,
ჩინეთიდან ჩამოსული მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ინფექციურ
საავადმყოფოშია მოთავსებული, დამაკმაყოფილებელია, თუმცა მას
ვირუსისთვის დამახასიათებელი ყველა ჩივილი აქვს.
როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სავარაუდოა,
რომ პაციენტს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია არ აქვს, თუმცა
ზუსტი დასკვნა ანალიზების პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.
„ახლახანს, ერთი საათიც არ არის, ეროვნებით ჩინელი, ახალგაზრდა
მამაკაცი შემოიყვანეს, რომელმაც პეკინი 27 იანვარს დატოვა, როგორც
ვიცი, შემდეგ ორი დღე იყო ყაზახეთში, შემდეგ გუდაურში, იყო ბაკურიანში
და 4 თებერვალს აღენიშნა ტემპერატურის მომატება, როგორც თვითონ
გადმოგვცემს 38 გრადუსზე მეტი. ჰქონდა ხველა, თავის ტკივილი, ზოგადი
სისუსტე, შემდეგ მიმართა საელჩოს და ონლაინ ჩინელ ექიმებთან იტარებდა
კონსულტაციას, რომელთაც დაუნიშნეს ანტიბიოტიკი და კიდევ რაღაც
მედიკამენტი, რომელსაც წარწერები ჩინურად აქვს და ჯერ არ ვიცით, რა
არის, მაგრამ მდგომარეობა გაუარესდა 4 თებერვლის შემდეგ და აღარ
დაკმაყოფილდა ონლაინ კონსულტაციით ჩინელებთან და შემოვიდა
ჩვენთან“,-აცხადებს ცერცვაძე.
მისივე თქმით, პაციენტს ცალსახად აქვს მწვავე რესპირატორული ინფექცია
და არის ჩამოსული პეკინიდან, არსებობს ალბათობა, რომ ის იყოს
ინფიცირებული ახალი კორონავირუსით.