იანვარში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 309 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 1 იანვრიდან
31 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების
309 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 6 ფაქტი სისხლის სამართლის
დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 130
ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე
გამოვლინდა. აჭარაში დაფიქსირდა 65 ფაქტი, იმერეთში - 34, ქვემო
ქართლში - 29, სამცხე-ჯავახეთში - 18, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 13,
შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში - 7, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში -
4, გურიაში კი - 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
„ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 450 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე
პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევის 32 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 9 ერთეული დაურეგისტრირებელი
სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია
გადაგზავნილი“ .