1 მარტიდან სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდა
დღეიდან სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდა. რეგულაციის
მიზანია, მომხმარებელმა მიიღოს დეტალური ინფორმაცია სარეალიზაციო
ქსელში განთავსებული სურსათის შესახებ,
რაც ადამიანის ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვისკენ არის
მიმართული.
ახალი რეგულაციით, გაიზარდა ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო
ინფორმაციის ჩამონათვალი, კერძოდ, ეტიკეტზე განთავსდება ინფორმაცია
სურსათის უვნებლობისა და კვებითი ღირებულების შესახებ, რადგან
გარკვეულ შემთხვევებში, სურსათის შემადგენლობა შესაძლოა საზიანო იყოს
სპეციფიკური მომხმარებლისათვის; ინგრედიენტები; ალერგენებთან
დაკავშირებული ინფორმაცია უნდა განთავსდეს განსხვავებული ფორმით, რაც
განსაკუთრებული კვებითი რეჟიმის მქონე მომხმარებელს სწორი არჩევანის
შესაძლებლობას მისცემს.
განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და
სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმა (ზუსტი, მკაფიო,
მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები) და ადგილი (თვალსაჩინო).
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბიზნესსექტორს
შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, დახლზე განთავსებულ
პროდუქციაზე ვადის ამოწურვამდე გავრცელდება გარდამავალი პერიოდის
რეგულაცია და კომპანიებს მიეცემათ მისი რეალიზების შესაძლებლობა.
ტექნიკური რეგლამენტი ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი
თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმების შესაბამისად
მომზადდა.