21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნება
მართლმადიდებელი სამყარო 21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
შობის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს მოქმედ ტაძრებში
წირვა-ლოცვა აღევლინება.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა.
მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი
ანა - პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი.
ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მათ აღთქმა
დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის
უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება
შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი
მუცლად-იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი
იზრდებოდა.
მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ "მშობლებად ღმრთისა" იწოდებიან,
როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული
მადლი აქვთ ღვთისაგან - უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ
მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება უძველესი დროიდან, როგორც
მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ IV საუკუნეში
დადგინდა.