ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედროებს ფულადი პრემია გადაეცათ
სამხედრო მოსამსახურეები სტიქიასთან ბრძოლაში გამოჩენილი
თავდადებისთვის ფულადი პრემიებით დაჯილდოვდნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ბორჯომისა და ატენის
ხეობაში ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილე
სამხედრო და სამოქალაქო პირების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით ხანძრის
ლოკალიზება-ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილე სამხედრო და
სამოქალაქო პირებს შესაბამისი უწყებრივი მედლები,
სამსახურეობრივი-საშტატო იარაღები, ფასიანი საჩუქრები და ფულადი
პრემია გადაეცათ. ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის პროცესში მონაწილე
ყველა სამხედრო მოსამსახურე 625 ლარის ოდენობის ფულადი პრემიით
დაჯილდოვდა, ჯამში 1374 ჯარისკაცი. 100 სამხედრო მოსამსახურეს მედალი
„სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისთვის“ გადაეცა,
სამსახურეობრივი-საშტატო იარაღით 107 სამხედრო და სამოქალაქო პირი
დაჯილდოვდა, 957 სამხედრო და 7 სამოქალაქო პირს მადლობა გამოუცხადეს,
საპატიო სიგელით 228 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა და მადლობის
სიგელი 42 სამოქალაქო პირს გადაეცა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა
ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს გაწეული სამსახურისთვის
მადლობა პირადად გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეულმა ჯარისკაცმა,
გენერალური შტაბის უფროსის გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას
მეთაურობით სტიქიასთან ბრძოლის საქმეში სამაგალითო თავდადება
გამოიჩინა. თავდაცვის მინისტრმა გენერალური შტაბის უფროსს,
გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას უწყებრივი მედალი „დიდგორი“
გადასცა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ
სარდლობის სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად ლოგისტიკის, ავიაციისა და
საჰაერო თავდაცვის, სარდლობები ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის
ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის პროცესში 23 აგვისტოს ჩაერთვნენ. ატენის
ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ ხანძრის საწინააღმდეგო
ღონისძიებები საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ბორჯომის ხეობაში
განაგრძეს. სტიქიასთან ბრძოლის პროცესში ჯარისკაცებთან ერთად
თავდაცვის სამინისტროს 90 ერთეულზე მეტი სხვადასხვა ტიპის, მათ შორის
სპეციალური დანიშნულების ტექნიკაც მონაწილეობდა.