აშშ-ს საელჩომ შსს-ს თანამშრომლები წარმატებული თანამშრომლობისთვის დააჯილდოვა
აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლას ბერლინერმა შსს-ს
სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, საელჩოს
სახელით, წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და
სიგელები გადასცა.
სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს შს სამინისტროსა
და აშშ-ს საელჩოს საფეხბურთო გუნდებს შორის ტრადიციული ამხანაგური
მატჩი გაიმართა, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა 11:8
ანგარიშით მოიგეს.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - მერაბ მალანია,
აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - ნიკოლას ბერლინერი, მთავარი
პროკურორი - ირაკლი შოთაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის
უფროსი - ანზორ ჩუბინიძე, შს სამინისტროსა და აშშ-ს საელჩოს
თანამშრომლები ესწრებოდნენ.
"მადლობას ვუხდი აშშ-ს საელჩოს, რომ ასე დადებითად შეაფასეს ქართველი
სამართალდამცველების საქმიანობა და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ჩვენს
ნაყოფიერ ურთიერთთანამშრომლობას. დღევანდელი ამხანაგური მატჩიც
საქართველოს შსს-სა და აშშ-ს საელჩოს შორის არსებული მჭიდრო
თანამშრომლობის, ასევე, ჩვენს ქვეყნებს შორის 25 წლიანი წარმატებული
დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობის კიდევ ერთი მაგალითია. მსგავსი
ღონისძიებები კიდევ უფრო გვაახლოვებს და ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო,
საქმიანი და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას უზრუნველყოფს", -
აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ.
შს სამინისტროს და აშშ-ს საელჩოს ამხანაგური საფეხბურთო მატჩი
თბილისში მესამე წელია იმართება.