Meta-მ სრულად დაბლოკა კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებები
ამერიკულმა კომპანია Meta-მ თავის
პლატფორმებზე სრულად დაბლოკა რუსეთის სახელმწიფო მედიაჯგუფი „როსია
სეგოდნია“, ტელეარხი RT და მათთან კავშირის მქონე სხვა
ორგანიზაციები.
Meta ფლობს Facebook-ს, Instagram-ს,
Threads-ს და WhatsApp-ს.
Meta-მ კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებების წინააღმდეგ ზომები
გააფართოვა ე.წ. გავლენის ოპერაციის და უცხოეთში მათი ჩარევის
მცდელობების გამო.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით 2013 წელს შექმნილი
მედიაჯგუფი აერთიანებს სააგენტო „რია ნოვოსტის“, სააგენტო და რადიო
„სპუტნიკს" და სხვა პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებს და საინფორმაციო
პორტალებს ათეულობით ენაზე. რუსეთის მთავრობა აფინანსებს სხვადასხვა
ენაზე მაუწყებელ ტელეარხ RT-საც.
მედიაჯგუფის გენერალური დირექტორი დმიტრი კისელიოვია, ხოლო მთავარი
რედაქტორი - მარგარიტა სიმონიანი, რომელიც RT-საც ხელმძღვანელობს.
კრემლის მიერ შექმნილი და დაფინანსებული მედიასაშუალებები და მათი
ხელმძღვანელები უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებული
დეზინფორმაციის გავრცელებისა და პროპაგანდისთვის სანქცირებული არიან
აშშ-ის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და კანადის მიერ.
რუსეთის ხელისუფლებას Meta „ექსტრემისტულ ორგანიზაციად" ჰყავს
გამოცხადებული.