ახალი ამბები
ბორჯომში იმიტირებულ კენჭისყრაში 1583 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში,
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს ქვეყნის მასშტაბით
598 საარჩევნო უბანზე იმიტირებულ არჩევნები ჩაატარა,
მათ შორის N 36 ბორჯომის საარჩევნო
ოლქის ოთხ საარჩევნო უბანზე, კერძოდ: N3 ქალაქის, N6 ახალი უბნის, N20
ყვიბისის, N9 ახალდაბის საარჩევნო უბნებზე.
იმიტირებულ არჩევნებში მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლო.
იმიტირებული კენჭისყრა 11 საათზე დაიწყო და 18:00 საათზე დასრულდა.
სულ, ბორჯომის მასშტაბით იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო
1583 ამომრჩეველმა.
ამომრჩევლები პირადად გაეცნენ ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას.
საარჩევნო მოხელეები დაინტერესებულ პირებს უხსნიდნენ რეგისტრაციის
პროცედურას, ასევე ხმის მიცემის შემდგომ პროცედურებს: რეგისტრატორის
მაგიდასთან ბიულეტენზე საცდელი წრის გაფერადება, ფარული კენჭისყრის
კაბინაში ბიულეტენზე წრის გაფერადება, ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით
ჩარჩო-კონვერტში ბიულეტენის მოთავსება, ხმის მთვლელ აპარატში (ყუთში)
ბიულეტენის მოთავსება.
„საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად
პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო
ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. 26 ოქტომბერს ამომრჩეველთა
თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში
მონაწილეობას. შესაბამისად, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ
ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის
ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ამომრჩეველმა მიიღოს მონაწილეობა
კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში. აქვე აღვნიშნავთ, რომ
საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრირება ეტაპობრივად იმართება ქვეყნის
მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. ამ
დროისათვის ინფორმირებულია ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი“
- განაცხადა ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
თამარ რაზმაძემ.
გააზიარეთ :