ანტიკორუფციული ბიურო თანამდებობის პირების დეკლარაციებს გამოქვეყნებამდე შეისწავლის
ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებით,
9 სექტემბრიდან, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს
კანონში შესული ცვლილებები შევიდა ძალაში, რომელიც თანამდებობის
პირების მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების
შემოწმებისა და გამოქვეყნების პირობებს ეხება.
უწყების განმარტებით, ცვლილებების თანახმად, ბიურო განახორციელებს
ყველა თანამდებობის პირის მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაციის შემოწმებას. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის
წარდგენის შემდგომ, დეკლარაციის გამოქვეყნებამდე, ბიურო გამოვლენილი
ხარვეზების აღმოსაფხვრელად დეკლარანტს განუსაზღვრავს ერთთვიან
ვადას.
„კანონით გათვალისწინებულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობა
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, რის თაობაზეც
გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი –
განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ. პირის მიერ ხარვეზის
აღმოუფხვრელობა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების საფუძველია“, –
ვკითხულობთ ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაში.