"ბავშვობაში ყველა მეუბნებოდა, რომ არ ვიქნებოდი მზად დიდი ევროპული ფეხბურთისთვის, მაგრამ ყველას დავუმტკიცე, რომ შეუპოვარი ვარ" - გიორგი ქოჩორაშვილი
"ვიცი, რომ ამაზე არ
გავჩერდები არც მე და არც ჩემი გუნდელები. ამის საშუალებას არც მე
მივცემ ჩემს თავს და არც ჩემი გუნდელები მომცემენ"
- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული
ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ალბანეთთან მატჩის
დასრულების შემდეგ განაცხადა.
ნაკრების წევრის ვიდეო კომენტარს ეროვნული ნაკრები სოციალურ ქსელში
ავრცელებს.
როგორც ქოჩორაშვილმა აღნიშნა, შემდეგი თამაში კიდევ უფრო მაღალ დონეზე
იქნება წარმოჩენილი.
„ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში იმ ხალხს, ვინც ჩვენს
საგულშემატკივროდ მოვიდა და ვინც ტელევიზორიდან გვიყურებდა. ჩვენ ეს
შევძელით დღეს, მაგრამ ამით არ ვჩერდებით. ვიცით, რომ ერთ თვეში
მოგვიწევს უკან დაბრუნება და უფრო მაღალ დონეზე უნდა შევძლოთ
უკრაინასთან თამაში.ალბათ, ბავშვობაში რომ ეთქვათ, ეროვნულ ნაკრებში
გოლების გატანას შეძლებო, არავის დავუჯერებდი, პოზიციიდან
გამომდინარე, მაგრამ არასდროს უნდა დანებდე, ყოველთვის უნდა დაიჯერო
შენი თავის, იშრომო შენი მიზნებისთვის და აუცილებლად აგიხდება.
მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის, ვიცი, რომ ამაზე არ გავჩერდები
არც მე და არც ჩემი გუნდელები. ამის საშუალებას არც მე მივცემ ჩემს
თავს და არც ჩემი გუნდელები მომცემენ.რაც შეეხება ჩემი გოლის
აღნიშვნას, ბევრს ეშლება. ეს არის ჩემთვის კაპიტან ამერიკა, რომელსაც
ბავშვობაში ცუდი ისტორია ჰქონდა, მაგრამ იყო შეუპოვარი. მოგეხსენებათ,
მეც ბავშვობაში ყველა მეუბნებოდა, რომ სუსტი ვიყავი, არ ვიქნებოდი
მზად დიდი ევროპული ფეხბურთისთვის, მაგრამ პირველი ჩემს თავს
დავუმტკიცე, რომ შემიძლია ამ დონის თამაში და შემდეგ ყველას
დავუმტკიცე, რომ შეუპოვარი და ძლიერი ვარ და გავაგრძელებ
წინსვლას“ - განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთს გიორგი ქოჩორაშვილის გოლით,
ანგარიშით - 1:0 მოუგო და 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.