ახალი ამბები
ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის უფლებების დარღვევისთვის სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სტრასბურგს მიმართა
ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის უფლებების სისტემური დარღვევის ფაქტებზე სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადი წარადგინა.


განაცხადში მოსარჩელე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა), მე-8 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევაზე დავობს.


როგორც ცნობილია, 2021 წლის 15 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ.[1] აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროების პარალელურად, პანსიონის ყოფილმა აღსაზრდელებმა სხვადასხვა მედიასაშუალებებით, ღიად ისაუბრეს მათ და სხვა აღსაზრდელების მიმართ პანსიონის აღმზრდელების მხრიდან ჩადენილი ძალადობის ფაქტების შესახებ. ყოფილი აღსაზრდელების ინფორმაციით, "აღმზრდელები, წლების განმავლობაში, დასჯის უმკაცრეს მეთოდებს იყენებდნენ. აღსაზრდელებს დასჯის მიზნით აიძულებდნენ მეტანიების კეთებას, უკრძალავდნენ საკვების მიღებასა და ძილს, აჩოქებდნენ ხორბლისა და სიმინდის მარცვლებზე, აყენებდნენ ცალ ფეხზე და აიძულებდნენ ხელში სკამის დაჭერას. გარდა ამისა, აღმზრდელები მათ აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას".


პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების მიერ აღწერილი ძალადობის ფაქტებზე მიუთითებს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებიც. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები აღსაზრდელების უფლებები სისტემურად ირღვეოდა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონის ადმინისტრაციას არ ჰქონდა შემუშავებული ბავშვის ძალადობისგან დაცვისა და ძალადობაზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი, პანსიონში არ ხდებოდა ძალადობრივი ფაქტების წერილობით დოკუმენტირება, რისი ვალდებულებაც პანსიონს კანონით გააჩნდა.[2]




ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა



ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, განმცხადებელი დავობს, რომ სახელმწიფომ დაარღვია ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით განმტკიცებული არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვის მოთხოვნა, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ვალდებულებების ჭრილში.


"პანსიონში ცხოვრების განმავლობაში, ჩვენი განმცხადებელი სისტემური ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლი იყო აღმზრდელებისაგან, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ თავიანთ პოზიციას და მუდმივად ძალადობდნენ აღსაზრდელებზე.


თავის მხრივ, 2016 წლამდე საპატრიარქოსთან არსებული სააღმზრდელო დაწესებულებები, მათ შორის ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე ფუნქციონირებდა, რის გამოც, საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებზე, სახელმწიფო მინიმალურ ზედამხედველობასა და კონტროლსაც არ ახორციელებდა.


საყურადღებოა, რომ სოციალურ მუშაკებს, არც დაწესებულების ლიცენზირების შემდგომ, ეძლეოდათ სრულფასოვანი მონიტორინგის ჩატარებისა და ბავშვებთან აღმზრდელებისგან განცალკევებით, ინდივიდუალურად გასაუბრების შესაძლებლობა. ამასთან, სახელმწიფომ გაცხადებულად უარი თქვა, დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში არსებულ, დიდი ზომის სააღმზრდელო დაწესებულებებზე გავრცელებაზე, რითაც დაარღვია მასზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება, რომ საპატრიარქოსთან არსებული სააღმზრდელო დაწესებულებები, კანონით განსაზღვრული წესისამებრ, დროულად და ეფექტიანად შეებოჭა და მასზე სახელმწიფოს კონტროლი გაევრცელებინა.


ამასთან, სახელმწიფო ინფორმირებული იყო, პანსიონში ბავშვის უფლებების სისტემური დარღვევებისა და ცხოვრების არასათანადო პირობების შესახებ, შესაბამისად იგი ვალდებული იყო არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, პრევენციული ზომები მიეღო- 2011 წელს გამოქვეყნებული ანგარიშით, სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა, საპატრიარქოსთან არსებულ სააღმზრდელო დაწესებულებების, მათ შორის, ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელების მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ. დამატებით, ნინოწმინდის პანსიონი არაერთხელ დაჯარიმდა ტექნიკური რეგლამენტის - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დებულებებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის საფუძველზე.


შესაბამისად ცალსახაა, რომ სახელმწიფომ იცოდა ნინოწმინდის პანსიონში აღსაზრდელებზე ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის რეალური რისკების შესახებ, თუმცა, არასრულწლოვნების უფლებების დასაცავად, სათანადო პრევენციული ზომები არ განახორციელა, რაც მე-3 მუხლით სახელმწიფოზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების დარღვევაა.



კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევაზე მიუთითებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიერ განხორციელებული ქმედებების არაეფექტურობაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ, ამ დრომდე არ უზრუნველყვეს ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის უფლების სისტემური დარღვევის ფაქტების გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განმცხადებლისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. ამ კონტექსტში, პრობლემურია აღსაზრდელის მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის საკითხიც-გამოძიება მიმდინარეობს ძალადობის ფაქტზე, მაშინ როდესაც აღსაზრდელების მიერ საგამოძიებო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაცია დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს.



ამრიგად, ჩამოთვლილი პროცედურული ხარვეზების გათვალისწინებით, მივიჩნევთ, რომ განმცხადებლის მიმართ კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილიც დაირღვა".





ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა


სოციალური სამართლიანობის ცენტრი,წარდგენილ განაცხადში, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევაზეც დავობს.

"პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების კონტექსტში, მივიჩნევთ, რომ პანსიონში არსებული მდგომარეობითა და მიდგომებით, სრულად უგულებელყოფილი იყო არასრუწლოვნების სრულფასოვანი ზრდისა და განვითარების საჭიროება. აღსაზრდელებს არ ეძლეოდათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების შესაძლებლობა. პანსიონში განსაკუთრებით მწვავედ იდგა აღსაზრდელების გარე სამყაროსთან ინტეგრირებისა და სოციალიზაციის პრობლემაც.

დაწესებულებაში, ხელი არ ეწყობოდა, აღსაზრდელების, მათ შორის განმცხადებლის, განვითარებასა და განათლებას. ბავშვებს არ ეძლეოდათ საკუთარი აზრისა და შეხედულებების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა. დაწესებულებებში არსებული შეზღუდვები, გამორიცხავდა, განრიგის, ჩაცმის სტილისა და კვების შესახებ, არასრულწლოვანს თავად მიეღო გადაწყვეტილება. ამასთან, აღსაზრდელებს მათი ნების საწინააღმდეგოდ ევალებოდათ, ეკლესიაში სიარულიცა და სისტემატური ლოცვა.

პანსიონის ბენეფიციარებს, მათ შორის განმცხადებელსაც, ეკრძალებოდათ მოსახლეობასთან კომუნიკაცია და სოციალურ მუშაკებთან პირისპირ საუბარი. ისინი ფაქტობრივად იზოლირებულნი იყვნენ გარე სამყაროსგან, რამაც, საბოლოო ჯამში, არასრულწლოვნები განსაკუთრებულად მოწყვლადები გახადა მათ მიმართ განხორციელებული ძალადობისა და უგულებელყოფის ფაქტების მიმართ, რაც, საბოლოო ჯამში, აისახა მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზაობისა და პირადი ცხოვრების უფლებრივ ასპექტებზეც".




ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა


"ნინოწმინდის პანსიონის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მიღმა ფუნქციონირებდა და ამასთან, დაწესებულება პრაქტიკულად არ აღასრულებდა ლიცენზირებისა და ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს, რითაც კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებთან ერთად, დისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნაც დაირღვა.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სხვა სააღმზრდელო დაწესებულების ბენეფიციარებისაგან განსხვავებით, საპატრიარქოსთან არსებული ნინოწმინდის პანსიონი, წლების განმავლობაში არ ექვემდებარებოდა სახელმწიფო მონიტორინგს, რაც აღსაზრდელების მიმართ განხორციელებული სისტემური არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებზე სახელმწიფოს რეაგირებას გამორიცხავდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ნინოწმინდის პანსიონი არ დაექვემდებარა სალიცენზიო მოთხოვნებსა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს, სახელმწიფომ ვერ შეძლო ფაქტობრივი ზედამხედველობის განხორციელება და საპატრიარქოსთან არსებული დაწესებულებების აღსაზრდელების უფლებების დაცვა და საბოლოოდ, კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებთან ერთად, მე-14 მუხლიც დაარღვია.

აღნიშნულ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი რეგულარულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციის ევროპულ სასამართლოში საქმის განხილვის ძირითადი ასპექტების შესახებ" -
აღნიშნულია განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი
მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
24%-ით გაიზარდა,“
15:10 / 18.11.2024
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და
იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
12:04 / 18.11.2024
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე
ღამენათევ დემონსტრანტებს 18 ნოემბრის დილით, 9 საათზე,
10:17 / 18.11.2024
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ღამენათევ დემონსტრანტებს 18 ნოემბრის დილით, 9 საათზე,
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.