ახალი ამბები
ვახტანგ კაპანაძის სამშენებლო ბიზნესი ბორჯომში და სახელმწიფო შესყიდვებით მიღებული 15 მილიონ ლარზე მეტი
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ბორჯომში, სამშენებლო ბიზნესში ჩართული შპს "მშენებელი 2012"-ის საქმიანობა შეისწავლა. გაეცანით გამჭვირვალობის მიერ მომზადებულ სტატიას.


„ქართული ოცნების“ შემწირველის, ვახტანგ კაპანაძის შპს „მშენებელი 2012-მა“, 2012–2024 წლებში, 88 სახელმწიფო შესყიდვით 15,062,005 ლარი მიიღო. აქედან, უკონკურენტოდ და სხვების დისკვალიფიკაციით მოგებული ტენდერებით, ასევე, პირდაპირი შესყიდვებით, 10,873,153 ლარი (72.1%) დაერიცხა.

ვახტანგ კაპანაძის შვილს, ნოდარ კაპანაძეს ამავე პერიოდში, სამცხე-ჯავახეთში, ძალოვან უწყებებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. გარდა ამისა, ვახტანგ კაპანაძის ბიზნეს საქმიანობა, ბაკურიანში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის დაცვის ყოფილი უფროსის, ასევე, სამცხე-ჯავხეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, რევაზ მუმლაძის ცოლის ძმის, შალვა ფხიკიძის ოჯახთანაა დაკავშირებული.

შპს „მშენებელი 2012“, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორიც ვახტანგ კაპანაძეა, სახელმწიფო შესყიდვებს ბორჯომში, ძირითადად, გზებისა და ხიდების მშენებლობაზე, ასევე მათ მოვლა-შენახვაზე იღებს. მისი შვილი, ნოდარ კაპანაძე, 2009-2019 წლებში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, იყო სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე და უფროსი. შემდეგ, მას ბორჯომში დაცვის პოლიციის უფროსის თანამდებობა ეკავა. ამჟამად მამის შპს-ში საქმიანობს.

ვახტანგ კაპანაძის შპს „მშენებელი 2012-მა“ 2013 წლის მაისიდან დღემდე, 47 ტენდერი მოიგო, ჯამში, 14,282,979 ლარზე. Მათგან უკონკურენტოდ და სხვების დისკვალიფიკაციის ხარჯზე 36 ტენდერში გაიმარჯვა და ჯამში 10,094,127 ლარი (70.6%) მიიღო.

აღსანიშნავია, რომ თანხის გაზრდის მიზნით, მასთან დადებულ ხელშეკრულებებში ცვლილებები 6-ჯერ შეიტანეს და 235 789 ლარით მეტი ჩაურიცხეს. დანარჩენი 779 026 ლარი შპს “მშენებელი 2012”-მა პირდაპირი შესყიდვებით მიიღო.





შპს „მშენებლი 2012-ის“ ძირითადი შემსყიდველი 13,301,221 ლარით (88.3%) ბორჯომის მერია და მისი იურიდიული პირები არიან.


ვახტანგ კაპანაძემ 2016 წლის ოქტომბერში „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შეწირა. შპს „მშენებელი 2012-მა“ კი 2021 წლის აგვისტოში პარტიის ანგარიშზე 15 000 ლარი შეიტანა.

ვახტანგ კაპანაძე კიდევ ორ სხვა კომპანიაში ფლობს წილებს და ორივე ამ კომპანიაში მისი პარტნიორია შალვა ფხიკიძე. ფხიკიძე ბაკურიანში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის დაცვის ყოფილი უფროსისა და ასევე, სამცხე-ჯავხეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, რევაზ მუმლაძის ცოლის ძმაა. შალვა ფხიკიძე 2015-2017 წლებში ხელმძღვანელობდა შპს „კარიერი-2010”-ს, რომელშიც ყველაზე მეტ წილს -38%-ს ვახტანგ კაპანაძე ფლობს, 2019 წელს კი ვახტანგ კაპანაძემ და შალვა ფხიკიძემ შპს „მშენებელი 2019“ დააფუძნეს. ამ კომპანიაში, ამჟამად, შალვა ფხიკიძის ნაჩუქარ 50% წილს მისი მეუღლე შორენა ფხიკიძე ფლობს.

ფხიკიძეებიც სამშენებლო ბიზნესით არიან დაკავებული. მათ კომპანიებს შპს „მშენ 2014-ს“, შპს „მშენ 2008-ს“ და შპს „ტეხასს“, 2016-2024 წლებში, 84 სახელმწიფო შესყიდვით, ჯამში, 234 960 ლარი აქვთ მიღებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს „მშენებელი 2012-ის“ სახელმწიფო შესყიდვები და გამოარკვიოს, ხომ არ აქვს ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს მასსა და შემსყიდველ ორგანიზაციებს შორის.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში
უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
10:45 / 25.12.2024
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს
Freebusiness.ge პლატფორმაზე
1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
10:26 / 22.12.2024
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს Freebusiness.ge პლატფორმაზე 1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
10:20 / 20.12.2024
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული
ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
17:10 / 19.12.2024
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ
მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
16:04 / 19.12.2024
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.