ცერემონიის გამო, რუსთაველსა და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისში საქართველოს საფეხბურთო
ნაკრების დახვედრის ცერემონიის გამო, რუსთაველის გამზირსა და
თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით
შეიზღუდება.
ინფორმაციას აქვეყნებს დედაქალაქის
მერია.
"2 ივლისს, 12:00-დან 17:00 საათამდე, თავისუფლების მოედანზე
გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება: რუსთაველის გამზირიდან
თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ვერ
შეძლებენ მოედანზე არსებულ წრეზე შესვლას ბარათაშვილის ქუჩის
მიმართულებით მოძრაობის გასაგრძელებლად. მძღოლები მოხვევას შეძლებენ
პუშკინის სკვერის მიმდებარედ და გადაადგილდებიან კვლავ რუსთაველის
გამზირისკენ;
2 ივლისის 17:00 საათიდან 3 ივლისის 00:00 საათამდე, თავისუფლების
მოედანზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა სრულად აიკრძალება.
„შეზღუდვის საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიხეილ ჯავახიშვილის
ქუჩის საშუალებით დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და შემდეგ
ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება. უკუმიმართულებით
მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის იმავე მარშრუტს -
ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს,
შემდეგ კი იმოძრავებს ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების
საშუალებით“, - აღნიშნავენ თბილისის მერიაში.
ეროვნული ნაკრების დახვედრის ღონისძიება თბილისში, თავისუფლების
მოედანზე, დღეს, 22:00 საათზე, დაიწყება" - აღნიშნულია
ინფორმაციაში.
დღეს დილას, დაახლოებით 10:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო
აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც ჩარტერული რეისით
საქართველოში ჩამოიყვანა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები. მათ
აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.
საქართველოს ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს 30 ივნისიდან,
მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებთან დამარცხების (1:4) შემდეგ
გამოეთიშა. თუმცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული შედეგი
აჩვენა, რადგან პირველად მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატში, ჯგუფური
ეტაპიდან მერვედფინალშიც გავიდა და 16 საუკეთესო ნაკრებს შორის
მოხვდა.