ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში ურთულესი პერიოდია - პაველ ჰერჩინსკი
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში
პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან საუბარში გულდასაწყვეტი უწოდა
პროცესს,
რომლის გამოც საქართველოს
ევროკავშირში გაწევრიანება პრაქტიკულად გაყინულია. მისი სიტყვებით,
მომავალ კვირაში ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა
მინისტრების დონეზე განიხილება საქართველოში „აგენტების კანონის“
მიღების საპასუხო ზომების საკითხი.
პაველ ჰერჩინსკის სიტყვებით, ღრმა მწუხარებით უნდა ითქვას,
"ამჟამად საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში
ურთულესი პერიოდია. რამდენჯერმე გავიმეორეთ, რომ "უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის კანონი" უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს
ევროინტეგრაციის მისწრაფებაზე. სამწუხაროდ, ეს მოხდა".
„მომავალ კვირას, ევროკავშირი განიხილავს შედეგებს, ეს
დისკუსია თავდაპირველად საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, შემდეგ,
რამდენიმე დღეში კი, ლიდერების - პრეზიდენტებისა და
პრემიერ-მინისტრების - დონეზე განიხილება და გადაწყდება, რა ზომები
შეიძლება მივიღოთ საქართველოში მოვლენების საპასუხოდ. ამ კანონის
მიღებამ უარყოფითად იმოქმედა და, როგორც ვხედავ, გაყინა საქართველოს
ევროინტეგრაცია, რადგან, მოგეხსენებათ, ევროკავშირში ინტეგრაცია
მოითხოვს ერთსულოვნებას და თქვენ ყველამ უკვე მოისმინეთ რამდენიმე
წევრი სახელმწიფოს საჯარო განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი არ
გახსნიან საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს ამ კანონის
მოქმედების შემთხვევაში“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ
მედიის კითხვის პასუხადარასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციაში" სტუმრობი ს შემდეგ.
მისი თქმით, გადაწყვეტილება ორშაბათს ლუქსემბურგში ევროკავშირის
საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მიიღებენ, შემდეგ, 27 ივნისს, -
ევროპული საბჭოს დონეზე, პრეზიდენტების და პრემიერ-მინისტრების
დონეზე. ელჩმა დაამატა, რომ „ეს ხდება უკრაინისა და მოლდოვისთვის
გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის კონტექსტში ზუსტად მომავალ
კვირაში, ამდენად ნამდვილად გულსაკლავია იმის ნახვა, რომ ევროკავშირში
საქართველოს ინტეგრაცია, პრაქტიკულად შეჩერებული, პრაქტიკულად
გაყინულია, ამავდროულად, ჩვენ წინ მივიწევთ უკრაინასთან და
მოლდოვასთან ერთად".
გასულ კვირას რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ევროკომისიის დოკუმენტი,
რომელშიც საუბარია იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ევროკავშირმა შეიძლება
გადადგას, თუ საქართველოში პოლიტიკური ვითარება არ გაუმჯობესდება. მათ
შორისაა პერსონალური სანქციები, ფინანსური დახმარებების შეწყვეტა და
უკიდურეს შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერება.
დოკუმენტი ევროკომისიამ და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 27 მაისს
გამართული შეხვედრის შემდეგ მოამზადეს.
დოკუმენტი ითვალისწინებს, ერთი მხრივ, მოკლევადიან ზომებს, ხოლო,
მეორე მხრივ, ნაბიჯებს, რომლებიც იმ შემთხვევაში შეიძლება გადაიდგას,
თუ მომავალში საქართველოში ვითარება უკეთესობისკენ არ შეიცვლება.
პირველ კატეგორიაში შედის ისეთი ზომები, რომლებიც როგორც ბრიუსელმა,
ისე ევროკავშირის ცალკეულმა წევრმა სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ
შეიძლება მიიღონ.
3 ივნისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ,
„საკანონმდებლო მაცნეს“ ვებსაიტზე გამოქვეყნდა „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ სახელწოდების კანონი, რომელიც რუსული
უცხოეთის აგენტების კანონმდებლობის მსგავსია.
საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო 28
მაისს დაძლია.
„არა რუსულ კანონს!“ - ამ მთავარი გზავნილით კანონს თითქმის ორი თვის
განმავლობაში აპროტესტებდა ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და
საქართველოს სხვა ქალაქებში. კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებენ
საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორები.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების მიერ