„ფასებს ცეცხლი უკიდია“ - გერმანიაში, მატჩის პერიოდში, სასტუმროებში ადგილების რაოდენობა იწურება
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის
მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის -
ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში
„საქმე“
„გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“
თანადამფუძნებელი და „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელი დირექტორი მამუკა
კელაურაძე აცხადებს.
მისი თქმით, გარდა ავიაბილეთებისა, თითქმის ამოიწურა დორტმუნდსა და
მის მიმდებარე სასტუმროებში თავისუფალი ადგილების რაოდენობა.
ამასთანავე, სასტუმროებზე ფასი საკმაოდ მაღალია.
„თვითმფრინავის ბილეთები აღარ არის, აქ უკვე იმაზე არაა საუბარი, რომ
თამაშს დაესწრონ, ადგილზე მონიტორები იქნება და ხალხს უნდა, რომ იქ
შეიკრიბონ და უგულშემატკივრონ ნაკრებს. სასტუმროს საოცარი ფასები
აქვს, თითქმის აღარ არის ადგილები. დორტმუნდში დიდი რაოდენობით
სასტუმროები ისედაც არ არის“, - აღნიშნა კელაურაძემ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბილეთებისა და სასტუმროების ამოწურვისა და
მაღალი ფასის გამო, საქართველოს მოქალაქეების ნაწილი გერმანიაში
მატჩზე დასასწრებად ავტობუსით აპირებს წასვლას.
„გერმანიაში ცხოვრობს უამრავი თურქი, თურქეთიდანაც ჩავა ძალიან ბევრი
და ადგილები არ არის, სასტუმროების ფასებს ცეცხლი უკიდია. ხალხმა
მოიფიქრა, რომ ავტობუსით წავიდნენ, თამაშს დაესწრონ და შემდეგ ისევ
ავტობუსით დაბრუნდნენ უკან. თვითმფრინავის ბილეთთან შედარებით,
შეიძლება ავტობუსმა ხარჯი ნაკლები არ მოგცეს, მაგრამ სასტუმროს ხარჯს
ამოიღებ“, - განაცხადა მამუკა კელაურაძემ.
შეგახსენებთ, ისტორიაში პირველად, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე
იასპარეზებს. „ევრო 2024“ გერმანიაში, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე
გაიმართება, ფინალი კი ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ შედგება.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი