საქართველო რუსების მიერ ბიზნესის დარეგისტრირებით ლიდერი ქვეყანაა
საქართველო ლიდერობს იმ ქვეყნებს
შორის, სადაც 2023 წელს რუსეთის მოქალაქეებმა ბიზნესი დაიწყეს, მეორე
ადგილზე ყაზახეთია, ხოლო მესამეს სომხეთი და მონტენეგრო ინაწილებენ.
მონაცემები Forbes-ისთვის კომპანია Finion-ის ანალიტიკოსებმა
შეადგინეს.
2023 წლის შედეგებით, რუსების მიერ საქართველოში
რეგისტრირებული ახალი კომპანიების საერთო რაოდენობა, მინიმუმ, 13,000
სუბიექტს შეადგენს, ხოლო წინა 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის
თებერვლამდე რუსეთის მოქალაქეებისთვის, დაახლოებით, 16,000
ინდივიდუალური მეწარმე დარეგისტრირდა. შედარებისთვის, 1995 წლის
იანვრიდან 2022 წლის თებერვლამდე რუსებმა საქართველოში მხოლოდ 7,788
კომპანია დააარსეს.
Finion საქართველოში რუსული კომპანიების ასეთი მასიური გახსნის
რამდენიმე მიზეზს ასახელებს, როგორიც არის სუფთა სტატისტიკა, ანუ
ქვეყანაში რუსებისს აქტიური შედინება, ასევე, ბიზნესის რეგისტრაციის
მოსახერხებელი პირობები და საგადასახადო სისტემა. ამასთან,
საქართველოში რუსებსა და ბელარუსებს, მათ შორის, ბიზნეს
საქმიანობისთვის საბანკო ანგარიშების ლეგალურად გახსნა შეუძლიათ.
მეორე ადგილზე გასულ ყაზახეთში რუსი მფლობელებით 6,100 ახალი კომპანია
დარეგისტრირდა, მაშინ, როცა ერთი წლით ადრე რუსებმა ქვეყანაში
3,500-მდე კომპანია დააარსეს.
სომხეთში 2023 წლის შედეგებით რუსების მიერ გახსნილი კომპანიების
რაოდენობამ 3,400 სუბიექტი შეადგინა. მათ შორის, დაახლოებით, 2,000
ინდივიდუალური მეწარმეა. წინა 2022 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით
რუსეთის მოქალაქეებმა სომხეთში 7,328 ბიზნეს-სუბიექტი გახსნეს,
რომელთა შორის 4,983 ინდივიდუალური მეწარმე იყო.
მონტენეგროში რუსებმა 2023 წელს, ასევე, 3,400 ახალი კომპანია
გახსნეს, მაშინ, როცა 2022 წელს ქვეყანაში მხოლოდ 2600 რუსული
კომპანია დაარსდა.
სხვა ქვეყნების მონაცემები ასეთია:
სერბეთი - 2023 წელს - 3,000 რუსული იურიდიული პირი, 2022 წელს -
6,000, 2021 წელს - 2,000
თურქეთი - მხოლოდ 2023 წელს 2,750, მთლიანობაში კი 2023 წლის ბოლომდე
დარეგისტირერებული რუსული კომპანიების რაოდენობამ ქვეყანაში 23,713-ს
მიაღწია
არაბეთის გაერთიანებული საემიროები - 2023 წელს, დაახლოებით, 950–1000
იურიდიული პირი. 2022 წელს, დაახლოებით, 850 კომპანია
უზბეკეთი - 2023 წელს 745 კომპანია, რაც, წინა წელთან შედარებით,
20%-ით ნაკლებია
წყარო: bpn