ახალი ამბები
დაუწესდეთ სანქციები პასუხისმგებელ პირებს - დებატები ევროპარლამენტში
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ
ევროპულ საბჭოს, შეიმუშაოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ანალოგი და
დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები ყველა იმ პირს, რომლებიც ოკუპაციის
პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე არიან
პასუხისმგებელი.
დებატები თამაზ გინტურის
მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ ევროპარლამენტში
22 ნოემბერს გაიმართა.
ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ
დაუჭირეს მხარი საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და ყურადღება
გაამახვილეს ევროკავშირის ინსტიტუტების როლზე, მხარი დაუჭირონ და
წაახალისონ საქართველოს მოქალაქეების ეს მიზანი, რომლის
განადგურებასაც რუსეთი ცდილობს. მოთხოვნები, რომლებიც
ევროპარლამენტარებმა სიტყვით გამოსვლისას წამოაყენეს, უკვე ასახულია
რეზოლუციის პროექტში. დოკუმენტს კენჭს 23 ნოემბერს უყრიან.
რა წერია
რეზოლუციაში
რეზოლუციაში ევროპარლამენტარები
კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, მოითხოვენ
საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო
ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას. კიდევ ერთხელ
გამოხატავენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის
მხარდაჭერას.
ევროპარლამენტარები მიმართავენ
ევროპულ საბჭოს, შექმნას ევროკავშირის სანქციების სია
"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" გათვალისწინებით და დაუწესოს
მიზანმიმართული სანქციები იმ პირებს, რომლებიც საქართველოს
სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანების უფლებების
რღვევაზე არიან პასუხისმგებელი.
რეზოლუციის ტექსტით, დეპუტატები
გმობენ რუსეთის ჩარევას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და ხაზს
უსვამენ, რომ ამან ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე გავლენა
არ უნდა მოახდინოს.
დოკუმენტის შინაარსი ხუთმა
პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთობლივად შეიმუშავა და დასამტკიცებლად
ევროპარლამენტს წარუდგინა. ეს პოლიტიკური ჯგუფები
არიან:
"ევროპის
სახალხო პარტია";
"სოციალისტებისა
და დემოკრატების პროგრესული ალიანსი";
"რეფორმების
ჯგუფი";
"ევროპელი
კონსერვატორები და რეფორმატორები";
"ევროპელი
მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი".
კენჭისყრამდე ევროპარლამენტში
დაგეგმილია დებატები. საერთო ტექსტის შემუშავებამდე, ევროპარლამენტის
ოფიციალურ ვებსაიტზე თამაზ გინტურის შესახებ 5 სხვადასხვა რეზოლუცია
იყო ატვირთული.
თამაზ გინტურის მკვლელობა
6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას
სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი
კი გაიტაცეს.
9 ნოემბერს, უკანონო პატიმრობაში
მყოფი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებამდე, ოკუპირებული ცხინვალის
რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გამოაქვეყნა ლევან
დოთიაშვილის ჩვენების ვიდეო, რომელშიც ის ჰყვებოდა ტაძართან მისვლასა
და კარის გაღებაზე, თუმცა თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ საუბარი
არ ყოფილა.
7 ნოემბერს ოკუპირებული ცხინვალის
რეგიონის ტელევიზიამ გაავრცელა, სავარაუდოდ, მოკლული თამაზ გინტურის
ტელეფონით გადაღებული ვიდეოკადრები.
კადრებში, რომელთა გადაღების თარიღი
უცნობია, ჩანდა, როგორ აღებდნენ თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი
ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშის კარს, რომელიც საოკუპაციო
ძალების მიერ იყო ჩაკეტილი. ვიდეოში ასევე ჩანდა, როგორ ამტვრევდა
ლევან დოთიაშვილი კარს და როგორ შედიოდნენ ეკლესიაში თამაზ გინტური და
ლევან დოთიაშვილი.
გააზიარეთ :