ახალი ამბები
2022 წელს 815 არასრულწლოვანის ორსულობა აღირიცხა - 47-მა გოგომ ქორწინების მიზეზით განათლების მიღება შეწყვიტა
საქართველოს სახალხო დამცველის
აპარატის გენდერის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის,
სოფო რუსეცკის განცხადებით,
2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით 815
არასრულწლოვანის ორსულობა აღირიცხა. აღნიშნულის შესახებ რუსეცკიმ
„ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. სოფო რუსეცკის განცხადებით,
2022 წელს 434-მა არასრულწლოვანმა იმშობიარა.
„სტატისტიკური მონაცემები, რასაც სახალხო დამცველი ყოველწლიურად
ითხოვს, შემიძლია მოგახსენოთ. მაგალითად, 2022 წელს, ქვეყნის
მასშტაბით 815 არასრულწლოვანი ორსული იყო, აქედან მშობიარობის რიცხვი
434-ს აღწევს. წარმოიდგინეთ, ჩვენი ქვეყნისთვის ეს როგორი
მასშტაბურია. როცა ადრეულ ასაკში ქორწინება ხდება, გოგოები განათლების
მიღებას წყვეტენ. სკოლებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022
წელს 47-მა გოგომ ქორწინების მიზეზით განათლების მიღება შეწყვიტა“, -
აცხადებს რუსეცკი.
მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოების
დაბალი ინფორმირებულობაა. ამასთან, რუსეცკი სასამართლო პრაქტიკაზეც
საუბრობს და აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ
ჩატარებული კვლევის "ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო
პრაქტიკა საქართველოში - არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები“
ფარგლებში გაანალიზებულ საქმეებში გამოვლინდა, რომ პროკურატურამ
ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა რაც შემდგომში
სასამართლომ დაამტკიცა.
„საზოგადოების ინფორმირებულობა დაბალია, არ იციან კანონმდებლობა
ზუსტად რას ითვალისწინებს. ამგვარ დანაშაულებზე - შეტყობინებების და
ცრუ ჩვენებების მიცემის ფაქტზე, უმეტესწილად, ადამიანების
პასუხისგებაში მიცემა არ ხდება.
კანონები გვაქვს, მაგრამ კანონის აღსრულება და პრაქტიკაში გამოყენებაა
პრობლემური. დანაშაულის შეუტყობინებლობაზე და ცრუ ჩვენებებზე მკაცრი
რეაგირება უნდა მოხდეს, ქვეყანას ამ მიმართულებით მკაცრი პოლიტიკა
უნდა ჰქონდეს. კომპლექსური ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი, რაც
ყველა უწყების ჩართულობას მოიცავს. მხოლოდ კანონით ამას ვერ
მოვაგვარებთ, თუ ყველა ჩვენგანი არ ვაღიარებთ, რომ ეს
დანაშაულია.სახალხო დამცველის მიერ კვლევის ფარგლებში გაანალიზებული
საქმეების უმეტესობაში საპროცესო შეთანხმება იყო გაფორმებული, 39
საქმიდან 29 საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ასევე
გამოყენებული იყო პირობითი მსჯავრი, ასევე სასჯელის სახით დაბალია
თავისუფლების აღკვეთის გამოყენების მაჩვენებელიც, ესეც ერთ-ერთ
პრობლემად გამოიკვეთა“, - განაცხადა რუსეცკიმ.
წყარო: ipn.ge.
გააზიარეთ :