პარლამენტი მოქალაქეებისთვის დახურული უწყება ხდება - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
"პარლამენტმა 4 სექტემბერს დაამტკიცა
პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის განახლებული წესები,
რომელიც მნიშვნელოვნად აუარესებს პარლამენტის ღიაობასა და
გამჭვირვალობას.
უსაფრთხოების მოტივით პარლამენტმა
შეზღუდა საზოგადოების ჩართულობა მის საქმიანობაში. ახალი წესები ასევე
წინააღმდეგობაშია გამოხატვის თავისუფლებასთან და წარმოადგენს
პარლამენტის დახურულ უწყებად ქცევის იმ პოლიტიკის გაგრძელებას,
რომელსაც უკანასკნელი წლებია ქვეყნის წარმომადგენლობითი ორგანო
ატარებს.
პარლამენტის უსაფრთხოების დაცვის განახლებული წესები მნიშვნელოვნად
ზღუდავს საპარლამენტო საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობასა და
სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, რაც საბოლოოდ პარლამენტს დახურულ
უწყებად აქცევს.
განახლებული წესები, რომლის თანახმადაც, ვიზიტორს პარლამენტის
აპარატის თანხმობის გარეშე ეკრძალება ბრიფინგის ჩასატარებელ სივრცეში
ჟურნალისტებთან კომუნიკაცია და პარლამენტის შენობაში იკრძალება
სადემონსტრაციო ბანერების და პოსტერების შეტანა, წინააღმდეგობაშია
გამოხატვის თავისუფლებასთან. პოლიტიკური შინაარსის გამოხატვა
განსაკუთრებით მაღალი სტანდარტით უნდა იყოს დაცული. მისი შეზღუდვა
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი,
როდესაც საფრთხე ემუქრება სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას,
ტერიტორიულ მთლიანობას და სხვა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ ინტერესს.
დაუშვებელია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ იმიტომ, რომ
პოლიტიკური შინაარსის გამოხატვა პარლამენტის წევრებს უქმნის
დისკომფორტს.
2023 წლის 5 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ
მომზადდა პარლამენტის შინაგანაწესის ცვლილებების პროექტი, რომლის
თანახმადაც, პარლამენტის აპარატის თანამშრომელს პარლამენტის
საზოგადოებასთან ურთიერთობისა დეპარტამენტის თანხმობის გარეშე
ბრიფინგის ჩასატარებელ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია
აეკრძალებათ.
საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა
გადამწყვეტია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. პარლამენტი
ხელს უნდა უწყობდეს საზოგადოების ჩართულობას საპარლამენტო ცხოვრებაში.
ახალი წესებით პარლამენტის შენობაში საშვის დაშვების პროცედურები
მკაცრდება და აუცილებელი ხდება პარლამენტში შესვლის კონკრეტული მიზნის
აღრიცხვა. აღნიშნული შეზღუდვა გაუმართლებელია, ვინაიდან შეზღუდვები
მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით უნდა მოქმედებდეს და თუკი ამ მიზანს არ
ემუქრება საფრთხე, მოქალაქეს თავისუფლად უნდა შეეძლოს კომიტეტის
სხდომებსა და პარლამენტში გამართულ ღია ღონისძიებებზე დასწრება.
მე-10 მოწვევის პარლამენტმა პარლამენტის დახურულ და გაუმჭვირვალე
უწყებად ქცევის პოლიტიკის განხორციელება უკანასკნელი წლებია აქტიურად
დაიწყო და ახალი წესებიც ამის გაგრძელებაა.
პარლამენტის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს
პარლამენტის შენობაში შესვლა არაერთხელ დაუსაბუთებლად შეეზღუდათ.
საკანონმდებლო ორგანოში წესად დამკვიდრა უსაფრთხოების რეჟიმის
გამოცხადება და საშვების დაშვების შეზღუდვა, როდესაც პარლამენტში
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხი განიხილება და კრიტიკული
შეფასებებია მოსალოდნელი. ამასთან ერთად, სხვადასხვა პერიოდში
პარლამენტის შენობის შესასვლელში რკინის ჯებირი იყო განთავსებული.
2022 წლიდან პარლამენტის დახურულ უწყებად ქცევის პოლიტიკა პარლამენტის
მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანიზაციებსა და მედიის
წარმომადგენლებსაც შეეხოთ. პარლამენტმა მუდმივი საშვები გაუუქმა
ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს,
რომლებიც პარლამენტის მონიტორინგს ახორციელებენ, რაც მნიშვნელოვანი
დაბრკოლებაა პარლამენტის საქმიანობაზე დაკვირვების პროცესში.
პარლამენტის შენობაში წლებია სამუშაო სივრცით სარგებლობდნენ
არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 2022
წელს 5 საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციას პარლამენტში
სამუშაო სივრცის დატოვება მოსთხოვეს რემონტის მოტივით, რასაც მალევე
მოჰყვა მათთვის საშვების გაუქმება.
2023 წელს ამოქმედდა მედიის აკრედიტაციის განახლებული რეგულაციები,
რომელმაც პარლამენტი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ
უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახდა, რაც თავის მხრივ,
აისახება მოსახლეობის ინფორმირების ხარისხზე და საფრთხის შემცველია
ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებისათვის.
2023 წელს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის თანახმადაც,
პარლამენტის ყოფილ წევრს საშვის გარეშე შესვლა აღარ შეუძლია
პარლამენტის შენობაში.
საკანონმდებლო ორგანოს დახურულ უწყებად ქცევა განსაკუთრებით საგანგაშო
და სამწუხაროა იმ მიღწევების ფონზე რაც საქართველოს პარლამენტს ჰქონდა
ღია მმართველობის სფეროში. 2015 წელს საქართველო გახდა პირველი
ქვეყანა, რომელმაც შეიმუშავა და მიიღო ღია პარლამენტის პირველი
სამოქმედო გეგმა (2015-2016) და ასევე ხელი მოაწერა „დეკლარაციას ღია
პარლამენტის შესახებ”. დეკლარაციის თანახმად, პარლამენტი ვალდებულია
მოქალაქეები და სამოქალაქო საზოგადოება, დისკრიმინაციის გარეშე,
საკანონმდებლო და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში აქტიურად
ჩართოს, რათა მოქალაქეების ინტერესები ეფექტიანად წარმოადგინოს. ამავე
წელს „ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდოს“ (OGP
Government Champions Award) გამარჯვებულად OGP-ის წევრ 65 ქვეყანას
შორის საქართველო დასახელდა.
პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭო, რომლის ძირითადი
ფუნქცია პარლამენტის ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა,
არსებულ გამოწვევებზე არ რეაგირებს.
საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს საქმიანობის გამჭვირვალობა,
ამ პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა და დაიცვას დემოკრატიული
მმართველობის პრინციპები".