რა ეტაპზეა ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა?
ეკონომიკის სამინისტროს
კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების
დეპარტამენტის უფროსის ეკა ყუბუსიძის განცხადებით,
პროექტ Log-In Georgia-ს ფარგლებში
ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა აქტიურ ფაზაშია. როგორც მან
პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განაცხადა, პროექტი 2020
წლიდან ხორციელდება და მიმდინარე და დასრულებული ფართოზოლოვანი ქსელის
მშენებლობის მოცულობა 1 710 კილომეტრს შეადგენს.
„Log-In Georgia-ს ფარგლებში ინტერნეტიზაციის სახელმწიფო
პროგრამა არის აქტიურ ფაზაში. დღეისათვის განხორციელდა 550 კილომეტრი
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ამავდროულად
მიმდინარეობს კიდევ 220 კილომეტრის მშენებლობა ქობულეთი-ხელვაჩაურის
და რაჭის დარჩენილ მონაკვეთებზე, რომელიც 2023 წლის ივლისში, მაქსიმუმ
აგვისტოში უნდა დასრულდეს.
ამის პარალელურად გაფორმებულია კიდევ ორი შეთანხმება, მესტია-ჯვარის
და ზუგდიდი-ხობის მონაკვეთზე. ერთი არის 160 კილომეტრი, მეორე არის
270 კილომეტრის სიგრძის, სადაც ამჟამად მიმდინარეობს პროექტირება და
აღნიშნულის მშენებლობა დასრულდება 2024 წლის იანვრისთვის.
ამავდროულად გამოცხადებულია კიდევ ორი ტენდერი, აბაშა-სენაკის და
წყალტუბო- ვარციხის მონაკვეთებზე. მთლიანობაში მიმდინარე და
დასრულებული მშენებლობის მოცულობა შეადგენს 1 710
კილომეტრს“,-განმარტავს ეკა ყუბუსიძე.
აღსანიშნია, რომ საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების
საერთაშორისო ბანკს შორის 2020 წლის 31 აგვისტოს ხელმოწერილი სასესხო
შეთანხმების მიხედვით, პროექტ Log-In Georgia-ს განსახორციელებლად
ბანკმა საქართველოს სესხის სახით 25 წლის ვადით 35,7 მლნ ევრო
გამოუყო.
გარდა ამისა, 2021 წლის 25 ნოემბერს ხელი მოეწერა ევროპის
საინვესტიციო ბანკთან ხელშეკრულებას [ბოჭკოვანი ქსელი საქართველოს
სოფლებისთვის], რომლის ფარგლებში დონორმა საქართველოს პროექტისთვის 34
მლნ ევრო გამოუყო.
გეგმის მიხედვით, ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა 2025 წლის 31
დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. პროექტს ააიპ ოუფენ ნეტი
ახორციელებს.
წყარო: bm.ge