დღეიდან შობის მარხვა დაიწყო
დღეიდან, 28 ნოემბრიდან საშობაო
მარხვა დაიწყო. იგი ორმოცი დღის განმავლობაში გრძელდება და 7 იანვარს,
ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულზე სრულდება.
საშობაო მარხვის ტრადიცია უძველესი დროიდან მომდინარეობს. ეკლესიის
ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ IV საუკუნიდან
მოეპოვება. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ცნობას ვხვდებით XIV
საუკუნემდე, უფრო ზუსტად სვიმეონ თესალონიკელამდე.
საინტერესო ცნობებია დაცული X საუკუნის საეკლესიო კრების ოქმებში,
რომელიც იმპერატორ კონსტანტინესა და რომანოზ უფროსად წოდებულის დროს
იქნა მოწვეული. ცნობებს ვხვდებით ნიკიფორე პატრიარქის კანონებში, საბა
განწმენდილისა და ლეონ რომის პაპის ნაწერებში, 570 წლის ტურის II
კრების ოქმებში, ნეტარ ავგუსტინესთან.
შობის მარხვა აღდგომის დიდმარხვასთან შედარებით მსუბუქია. ამ მარხვის
დროს, 25 დეკემბრამდე, როგორც წესი, გარდა ოთხშაბათისა და
პარასკევისა, თვით ბერ-მონაზვნებისთვისაც კი დაშვებულია თევზის,
ზეთისა და ღვინის ზომიერად მიღება.