მსოფლიოში პირველად 100 მილიონს გადააჭარბა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულთა რიცხვმა
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ,
მსოფლიოში პირველად 100 მილიონს გადააჭარბა ლტოლვილების და იძულებით
გადაადგილებული პირების რიცხვმა.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ დღეს, 23 მაისს
გამოქვეყნებული მონაცემებით, 2021 წლის ბოლოსთვის, მსოფლიოში
ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების საერთო რიცხვმა 90
მილიონს მიაღწია, რასაც ხელი შეუწყო ძალადობის ახალმა ტალღებმა და
გაჭიანურებულმა კონფლიქტებმა ეთიოპიაში, ბურკინა-ფასოში, მიანმაში,
ნიგერიაში, ავღანეთსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 2022 წელს
უკრაინაში ომმა ლტოლვილად აქცია 6 მილიონზე მეტი და ქვეყნის შიგნით
იძულებით გადაადგილებულად 8 მილიონი ადამიანი.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის განცხადებით, 100 მილიონი
რეკორდია, რომელიც არასდროს უნდა დამყარებულიყო და ამასთან,
ერთდროულად შემაშფოთებელი და გამოსაფხიზლებელი რიცხვიცაა.