მომიტინგეებმა ღამე პარლამენტთან გაათენეს, აქცია ისევ გრძელდება
მომიტინგეების ნაწილმა ღამე
რუსთაველზე გაათენა. დღეს, 25 ნოემბერს დაგეგმილია მე-11 მოწვევის
პარლამენტის პირველი სხდომა, რასაც ოპოზიცია, პრეზიდენტი და
არასამთავრობო სექტორი არალეგიტიმურად მიიჩნევს.
პროტესტი რუსთაველზე 24 ნოემბერს 21 საათზე დაიყო და ამ დრომდე
გრძელდება. პოლიციას ბლოკირებული აქვს ის ქუჩები, რომელიც დეპუტატებს
პარლამენტში შესასვლელად სჭირდებათ. თავისუფლების მოედანზე პოლიციას
მობილიზებული აქვს სპეცტექნიკა, მათ შორის წყლის ახლადნაყიდი ჭავლი.
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი ზონაა გამოცხადებული, რაც იმას
ნიშნავს, რომ მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ონლაინ მედიებს –
შესვლა და პარლამენტის საქმიანობის გაშუქება ეკრძალებათ.
დღეს, 09:00 საათზე პარლამენტთან დაგეგმილია აქცია დაიბრუნე ხმა. მისი
ინიციატორი სამოქალაქო ორგანიზაციები არიან.
არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი გასაჩივრებულია საკონსტიტუციო
სასამართლოში. ისე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ
დალოდებია, „ქართულმა ოცნებამ“ 25 ნოემბერს დანიშნა მე-11 მოწვევის
პარლამენტის პირველი სხდომა და თქვა, რომ ამავე სხდომაზე მოხდება
პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა, თავმჯდომარის და
მოადგილეების არჩევა და კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა.
კონსტიტუციონალისტების ნაწილის თქმით, ახალარჩეულ პარლამენტს უფლება
არ აქვს ცნოს საკუთარი უფლებამოსილება მანამ, სანამ საკონსტიტუციო
სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოაცხადებს.