ახალი ამბები
უკრაინის, რუსეთის და ბელარუსის რამდენი მოქალაქე შემოვიდა საქართველოში
2022 წლის მარტის თვეში საქართველოში შემოვიდა 16,669 უკრაინის მოქალაქე, 43,152 რუსეთის მოქალაქე და ბელარუსის 19,898 მოქალაქე -ამის შესახებ კვლევას თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, 2022 წლის მარტში საქართველოში დარჩა (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) უკრაინის 8,151 მოქალაქე, რუსეთის 17,201 მოქალაქე, ხოლო ბელარუსის 14,030 მოქალაქე. (2022 წლის მარტში საქართველოში ჯამში დარჩა 31,231 რუსეთის და ბელარუსის მოქალაქე).

- 2022 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, საქართველოში დარჩენილი (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) უკრაინის მოქალაქეების რიცხვი 8,657-ით, რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 14,593-ით, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების 14,047-ით გაიზარდა.

- 2022 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, საქართველოში დარჩენილი (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 559 %-ით არის გაზრდილი.

- 2022 წლის მარტში 2019 წლის მარტის თვესთან შედარებით, ბელარუსის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვენებელი 555%-ით გაიზარდა;

- 2022 წლის მარტში საქართველოში შემოსული სრულწლოვანი რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების 60%, ხოლო უკრაინის მოქალაქეების მხოლოდ 35% არის მამრობითი სქესის.

- საქართველოში შემოსული მამრობითი სქესის მოქალაქეებს, შორის რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების მხოლოდ 10%-ია 18 წლამდე ასაკის, ხოლო უკრაინის მამრობითი სქესის მოქალაქეებს შორის 39% არის არასრულწლოვანი.

- 2022 წლის მარტში საქართველოში რუსეთის ყველაზე მეტი მოქალაქე შემოვიდა თბილისის აეროპორტიდან (34%) , უკრაინის მოქალაქეების ყველა დიდი წილი სარფის (28%) სასაზღვრო პუნქტიდან, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების ყველაზე დიდი წილი თბილისის აეროპორტიდან (53%).

- 2022 წლის მარტში საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა რუსეთის 340 მოქალაქეს, უკრაინის 65 მოქალაქეს, ხოლო ბელარუსის მხოლოდ 16 მოქალაქეს.

- 2022 წლის მარტში ქვეყანაში შემოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეების 0,75%-ს ეთქვა უარი საზღვრის კვეთაზე, უკრაინის მოქალაქეების 0,38%-ს, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების მხოლოდ 0,08%-ს.

- 2022 წლის მარტში როგორც რაოდენობრივად, ასევე პროცენტულად ქვეყანაში შემოსვლაზე უფრო მეტი უარი ეთქვა უკრაინის მოქალაქეებს ვიდრე ბელარუსის მოქალაქეებს.

- 2022 წლის მარტში უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის ყველაზე მეტი (59) შემთხვევა სადახლოს სასაზღვრო პუნქტზე დაფიქსირდა.


„2022 წლის 25 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის და ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, მილიონობით უკრაინის მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და თავი შეეფარებინა სხვადასხვა ქვეყნისთვის. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის დატოვების მსურველთა რიცხვი. რუსეთის მოქალაქეების მიერ საკუთარი ქვეყნის დატოვების მიზეზად აქტიურად განიხილება ერთის მხრივ რუსეთისათვის დაწესებული სანქციების თავის არიდების სურვილი, ხოლო მეორეს მხრივ ქვეყანაში პოლიტიკურად მიუღებელი განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების დევნის გაძლიერება და მისგან მომდინარე საფრთხეების შიში. რუსეთის მხარდამჭერი პოლიტიკის და მისგან მომდინარე მსგავსი გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნის დატოვების მსურველთა რიცხვი, ასევე იზრდებოდა ბელარუსში.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის სტატისტიკას აწარმოებს და ყოველთვიურად პროაქტიულად აქვეყნებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სამინისტროს მიერ ყოველთვიურად გამოქვეყნებული ანგარიშები, მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველია, თუმცა აღნიშნული დოკუმენტები არ იძლევა ცალკეული ქვეყნის მოქალაქეების მიხედვით სხვადასხვა მახასიათებლების (ასაკი, სქესი, სასაზღვრო პუნქტი, საზღვრის კვეთაზე უარის თქმის და ა.შ.) დეტალურ სტატისტიკას. IDFI-მ 2019-2022 წლების შესაბამისი პერიოდების დეტალური სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. სამინისტრომ IDFI-ს მიაწოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის და საზღვრის კვეთაზე უარის თქმის შემთხვევების მონაცემთა ბაზა, სადაც მონაცემები წარმოდგენილია მოქალაქეობის, სქესის, ასაკის, სასაზღვრო პუნქტების და ვიზიტორების უნიკალურობის მიხედვით. წინამდებარე კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, IDFI-ს მიერ დამუშავდა 2022 წლის მარტის და წინა წლების შესაბამის თვის მონაცემები, რომელიც ეხება უკრაინის, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამუშავებული მონაცემები არ იძლევა ვიზიტის მიზნობრიობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. შესაბამისად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში შემომსვლელთა მხოლოდ რიცხობრივი მაჩვენებლების ტენდენცია შესაძლებელია არ იძლეოდეს რეალურ სურათს მომდინარე გამოწვევების შესახებ. ამასთან, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ყოველი წლის მარტის თვეში არსებობდა განსხვავებული გარემოებები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენდა ქვეყანაში ვიზიტორთა რიცხვზე. მაგალითად, 2022 წლის მარტში კვლევის ობიექტი ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად შესაძლებელია განხილულ იქნას რუსეთ-უკრაინის ომიდან მომდინარე საფრთხეები, მაშინ როდესაც 2021-2020 წლების მარტის თვეებში პანდემიის გათვალისწინებით არსებობდა საზღვრის კვეთაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვები.

სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ 2022 წლის მარტის თვეში საქართველოს საზღვარზე უკრაინის მოქალაქეების შემოსვლის მაჩვენებელს (16,923 საზღვრის კვეთა, 16,669 უნიკალური ვიზიტორი) აღემატება როგორც რუსეთის (45,068 საზღვრის კვეთა, 43,152 უნიკალური ვიზიტორი) ასევე, ბელარუსის (20,029 საზღვრის კვეთა, 19,898 უნიკალური ვიზიტორი) მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის მაჩვენებლები. წინა წლის მარტის თვესთან შედარებით, სამივე ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, თუმცა 2020-2021 წლებში კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ტენდენციების თვალსაზრისით უფრო საინტერესოა 2019 წლის მარტის თვესთან მიმართებით არსებული მდგომარეობა. 2019 წლის მარტის თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საქართველოში შემომსვლელთა ბელარუსის მოქალაქეების რიცხვი. მაგალითად, 2022 წლის მარტში 2019 წლის მარტის თვესთან შედარებით, ბელარუსის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვენებელი 555%-ით გაიზარდა, უკრაინის მოქალაქეების 17%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთის მოქალაქეების 61%-ით შემცირდა.

რუსეთის უკრაინის შეჭრის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვენებლის 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირება სავარაუდოდ დაკავშირებულია ვიზიტის მიზნებთან, რაც ვერ გამოდგება აღნიშნული ქვეყნიდან მომდინარე საფრთხეების საპირწონედ. რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ განპირობებული იყო ამ ქვეყნის მოქალაქეების საქართველოსადმი მაღალი ტურისტული ინტერესით, რასაც ხელს უწყობდა საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების არსებობა. 2019 წლის 21 ივნისს, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების (“გავრილოვის ღამე”) საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციამ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები გააუქმა, რაც თავის მხრივ აისახა ქვეყანაში შემომსვლელთა მაჩვენებელზე.

რუსეთ უკრაინის ომის დაწყებამდე, ქვეყანაში შემომსვლელთა და ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არ შეიმჩნეოდა. მაგალითად, 2019 წლის მარტში რუსეთის 108,422 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო გავიდა დაახლოებით 2%-ით ნაკლები 105,814 მოქალაქე. 2022 წლის მარტის თვეში შემოვიდა 43,152 რუსეთის მოქალაქე ხოლო გავიდა დაახლოებით 40%-ით ნაკლები 25,951 პირი. შედეგად 2022 წლის მარტში 2019 წლის მარტთან შედარებით, ქვეყანაში დარჩენილი (შემოსულ და გასულ პირებს შორის სხვაობა) რუსეთის მოქალაქეების მაჩვენებელი 559 %-ით არის გაზრდილი.

ბელარუსის მოქალაქეების შემთხვევაში 2019 წლის მარტში საქართველოში დაახლოებით იმდენი პირი შემოვიდა რაც გავიდა, ხოლო 2022 წლის მარტში 71%-ით (14,029 პირით მეტი) მეტი შემოვიდა ვიდრე გავიდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როგორც რუსეთის ასევე ბელარუსის მოქალაქეების 2022 წლის მარტში ქვეყანაში შემოსვლის და გასვლის მაჩვენებლებს შორის სხვაობა აღემატება უკრაინის მოქალაქეების მაჩვენებელს. კერძოდ, 2022 წლის მარტში საქართველოში შემოვიდა უკრაინის 8,151-ით მეტი მოქალაქე ვიდრე გავიდა, რუსეთის 17,201-ით მეტი მოქალაქე შემოვიდა ვიდრე გავიდა, ხოლო ბელარუსის 14,030-ით მეტი მოქალაქე ვიდრე გავიდა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში შემოსული უკრაინის, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების სტატისტიკური მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება მათი დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით. მაგალითად, 2022 წლის მარტში საქართველოში შემოსული რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების დაახლოებით 60% , ხოლო უკრაინის მოქალაქეების მხოლოდ 40% არის მამრობითი სქესის. აღნიშნული სხვაობა კიდევ უფრო თვალსაჩინოა ქვეყანაში შემოსული სრულწლოვანი მოქალაქეების შემთხვევაში. კერძოდ, 2022 წლის მარტში საქართველოში შემოსული სრულწლოვანი რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების ასევე 60%, ხოლო უკრაინის მოქალაქეების მხოლოდ 35% არის მამრობითი სქესის.

საქართველოში შემოსული მამრობითი სქესის მოქალაქეებს, შორის რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების მხოლოდ 10%-ია 18 წლამდე ასაკის, ხოლო უკრაინის მამრობითი სქესის მოქალაქეებს შორის 39% არის არასრულწლოვანი. 18 დან 60 წლამდე მამაკაცების წილი საქართველოში 2022 წლის მარტში შემოსული უკრაინის მამრობითი სქესის მოქალაქეებში შეადგენს 54%-ს, რუსეთის მოქალაქეებში 85%-ს, ხოლო ბელარუსის მოქალაქეებში 89%-ს.
2022 წლის მარტში საქართველოში რუსეთის ყველაზე მეტი მოქალაქე შემოვიდა თბილისის აეროპორტიდან (34%) , ყაზბეგის (28%) და სადახლოს (20%) სასაზღვრო პუნქტებიდან. უკრაინის მოქალაქეების ყველა დიდი წილი სარფის (28%) და ყაზბეგის (23%) სასაზღვრო პუნქტიდან, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების ყველაზე დიდი წილი თბილისის აეროპორტიდან (53%) და ყაზბეგის სასაზღვრო პუნქტიდან (20%).
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის და დარჩენის არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები, მნიშვნელოვან გამოწვევად შესაძლებელია შეფასდეს ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით. აღნიშნულ ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასაზღვრო გამშვები პუნქტების ეფექტიან კონტროლს და საფრთხის შემცველი პირების ქვეყანაში შემოშვების პრევენციას. IDFI-მ წინამდებარე ანალიზის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ასევე გამოითხოვა ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის სტატისტიკური მაჩვენებლები. როგორც ირკვევა 2022 წლის მარტის თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა რუსეთის 340 მოქალაქეს, უკრაინის 65 მოქალაქეს, ხოლო ბელარუსის მხოლოდ 16 მოქალაქეს. აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, ქვეყანაში შემოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეების მხოლოდ 0,75%-ს ეთქვა უარი, უკრაინის მოქალაქეების 0,38%-ს, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების მხოლოდ 0,08%-ს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 2022 წლის მარტში როგორც რაოდენობრივად, ასევე პროცენტულად ქვეყანაში შემოსვლაზე უფრო მეტი უარი ეთქვა უკრაინის მოქალაქეებს ვიდრე ბელარუსის მოქალაქეებს. ასევე, ბოლო 4 წლის შესაბამის პერიოდებში უკრაინის მოქალაქეებზე 65 უარის შემთხვევა (მსურველთა 0,38%) ყველაზე მაღალი პროცენტია.
2022წლის მარტში უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის 65 შემთხვევიდან 38 იყო მამრობითი სქესის, ხოლო 27 მდედრობითი. ამასთან ერთ შემთხვევაში უარი ეთქვა არასრულწლოვანს, კერძოდ 7 წლის ბავშვს, ხოლო 3 შემთხვევაში 60 წელს გადაცილებულ პირს. უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის ყველაზე მეტი შემთხვევა სადახლოს სასაზღვრო პუნქტზე დაფიქსირდა.
სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ მონაცემებში, მოთხოვნის შესაბამისად არ იყო მითითებული ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები. შესაბამისად ამ კუთხით დამატებითი დასკვნების გამოტანა შეუძლებელია. ამასთან, IDFI-ს ინტერესის საგანს ასევე წარმოადგენდა ისეთი შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები წინა წლებში იმყოფებოდნენ საქართველოში, თუმცა ომის დაწყების შემდეგ უარი ეთქვათ საქართველოს საზღვრის კვეთაზე. აღნიშნული მოთხოვნის პასუხად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ IDFI-ს განუმარტა რომ მსგავსი სახით სტატისტიკის წარმოებას არ ახორციელებდა.

რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილია რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების საქართველოში დარჩენის მაჩვენებლები (2022 წლის მარტში საქართველოში დარჩა 30 ათასზე მეტი რუსეთის და ბელარუსის მოქალაქე) . რუსეთის და ბელარუსის საქართველოში დარჩენის მაჩვენებლები აჭარბებს უკრაინის მოქალაქეების საქართველოში დარჩენის შემთხვევებსაც, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებული არიან დატოვონ საკუთარი საცხოვრებელი. სამწუხაროდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული მონაცემთა ბაზა არ იძლევა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში ვიზიტის მიზნობრიობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას, შესაბამის ამ კუთხით არსებული გამოწვევების სრულფასოვანი შეფასება მნიშვნელოვნად გართულებულია.

თუმცა, სტატისტიკურ მონაცემებზე, მათ შორის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევებზე, დაყრდნობით IDFI მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რუსეთის და მისის მოკავშირე ქვეყნის მოქალაქეების დარჩენის მზარდი ტენდენცია სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რაც საჭიროებს შესაბამისს ღონისძიებებს მსგავსი რისკების შემცირების კუთხით“.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.