ევროკავშირმა საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი დაუშვა
ევროკომისიის 2021 წლის 22 დეკემბრის
EU 2022/34 რეგულაციით, საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა,
საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტი
დაშვებულია.
აღნიშნული რეგულაციის მიღებას წინ უძღოდა გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ
ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული
ღონისძიებები, რომლებიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო
სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში მომზადდა.
საქართველოში ლოკოკინების წარმოების განვითარების ხელშემწყობი არაერთი
პროექტი განხორციელდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ჯამში, ლოკოკინის
წარმოების შექმნისა და განვითარების მიმართულებით 10 მლნ ლარზე მეტი
ღირებულების 38 სესხია გაცემული, სოფლის განვითარების სააგენტოს
გაცემულმა თანადაფინანსებამ 824,000 ლარზე მეტი შეადგინა.
გარდა ამისა, საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ნებადართულია
საქართველოდან ქართული თაფლის (2016 წლიდან), შავი ზღვის ქაფშიის
(2017 წლიდან), შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების
(2020 წლიდან) და გარკვეული კატეგორიის არასასურსათო დანიშნულების
ცხოველური წარმოშობის პროდუქტის (ტყავი, მატყლი) ექსპორტი.