ახალი ამბები
ლექსო ლაშქარავას საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩაურთველობა გამოძიების მიმართ ნდობას ამცირებს - საია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს:

"UNESCO-ს მიერ ლექსო ლაშქარავას საქართველოში მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეყვანის თაობაზე დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, მალევე მოჰყვა მისი გარდაცვალების მიზეზების შესახებ ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროვება. ლექსო ლაშქარავას ოჯახის ინტერესებს, როგორც 5 ივლისს მასზე განხორციელებული თავდასხმის ეპიზოდთან მიმართებით, ასევე, გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საია იცავს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების მიმდინარეობის, მათ შორის, ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით, გვსურს, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2021 წლის 5 ივლისს, ლექსო ლაშქარავა იყო ერთ-ერთი იმ პირთაგან, ვისაც ჰომოფობიურად განწყობილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები ,,სირცხვილიას“ ოფისთან სასტიკად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც მას განუვითარდა ტვინის შერყევა, დაჟეჟილობები და სახის ძვლების მოტეხილობა. 2021 წლის 11 ივლისს ლექსო საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამასთან დაკავშირებით გამოძიება ვაკე-საბურთალოს მე-5 სამმართველოს მიერ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც, რის გამოც ლექსო ოჯახთან შეთანხმების გარეშე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

2022 წლის 7 იანვარს, მედია საშუალებებით გასაჯაროვდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ფრაგმენტი. აღსანიშნავია, რომ დასკვნის შესახებ საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუწოდებია არც ოჯახისთვის და არც ადვოკატისათვის. ექსპერტიზის დასკვნიდან გავრცელებული ამონარიდის თანახმად, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი გახდა ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაცია. მასში ასევე მითითებულია, რომ ჯანმრთელობის დაზიანებები, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება მის სტაციონარში მოთავსების თარიღს 2021 წლის 5 ივლისს, ასევე მითითებულია, რომ აღნიშნული დაზიანებები არ არის მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან. იმ პირობებში, როდესაც სრულ დასკვნაზე ამ დრომდე საია-ს ადვოკატს ხელი არ მიუწვდება, შეუძლებელია იმის შეფასება, რამდენად სწორად და რის საფუძველზე გამოირიცხა მიზეზობრივი კავშირი დაზიანებებსა და ლექსოს გარდაცვალებას შორის.

ამასთან, საექსპერტო დასკვნასთან მიმართებით ოჯახის ნდობას ამცირებს ის ფაქტი, რომ საჯარო შეთავაზების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მოიწვია ოჯახის მიერ დასახელებული ქვეყნებიდან საერთაშორისო ექსპერტები პროცესში ჩასართავად. კერძოდ, თავდაპირველად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ შესთავაზა გარდაცვლილის ოჯახს საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, რასთან დაკავშირებითაც ოჯახის პოზიცია საია-ს ადვოკატმა წერილობითი ფორმით არაერთხელ დააფიქსირა. განცხადებაში აღნიშნული იყო, თუ რომელი ქვეყნებიდან მოწვეული ექსპერტების ჩართულობა იყო მისაღები ოჯახისთვის, თუმცა, გამოძიებამ, დაპირების მიუხედავად, არ გაითვალისწინა წარდგენილი შეთავაზება, რის მიზეზადაც კონკრეტულ ქვეყნებთან საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილების არარსებობა დასახელდა (ოჯახის სურვილი იყო პროცესში ექსპერტის ჩართვა ბრიტანეთიდან, აშშ-დან ან იაპონიიდან).

საია მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩაურთველობა, ასევე, დღეს არაპროპორციული მოცულობით ექსპერტიზის დასკვნის გავრცელება, ამცირებს გამოძიების პროცესის მიმართ ნდობას. აქვე აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ლექსო ლაშქარავას საქმეზე პერსონალური მონაცემების დარღვევით ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორს ერთხელ უკვე აქვს გადაწყვეტილება მიღებული. 2021 წლის 24 სექტემბერს სახელმწიფო ინსპექტორის გამოქვეყნებული დასკვნით დადგენილია, რომ ლექსო ლაშქარავას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვიდეო-ჩანაწერების გავრცელებას არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი და ვერ პასუხობდა საზოგადოებაში არსებულ მთავარ კითხვას გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საგამოძიებო უწყებამ სამედიცინო დაწესებულებიდან ბრიფინგზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი აუდიო-ჩანაწერი მტკიცებულებათა მოპოვების და დამაგრების წესების დარღვევით მოიპოვა. განცხადებაში ასევე ითქვა, რომ ლექსოს შესახებ, ინტერნეტ სივრცეში არსებული მასალა შსს-ს საინფორმაციო ბაზაში (info.pol.ge) აღრიცხული ინფორმაციის იდენტური აღმოჩნდა, რის შემდეგაც საბოლოოდ დადგინდა, ლექსოს პერსონალური მონაცემების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უკანონოდ დამუშავების ფაქტი.

აღსანიშნავია ისიც, რომ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე საქმის გამოძიების პროცესში პროკურატურამ ლექსოს ნაწილში ექვს პირს წარუდგინა ბრალი ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის, პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლებით, ხოლო წინა სასამართლო სხდომამდე ბრალდებას ასევე დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლი. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივ ქმედებაში 6-ზე მეტი პირი მონაწილეობდა, დღემდე გამოძიების მხრიდან ამ პირების იდენტიფიცირება სრულად არ მომხდარა. ასევე, ამ დრომდე ორგანიზატორ, ხელმძღვანელ და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მომწოდებელ პირთაგან, არც ერთს არ აქვს ბრალი წარდგენილი. ასევე, საიას მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე უცნობია დაიწყო თუ არა გამოძიება 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებული შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით.

საია ლექსო ლაშქარავას ოჯახთან შეთანხმებით, გააგრძელებს მიმდინარე გამოძიებების პროცესში ოჯახის უფლებების დაცვას. საია-ს ადვოკატი მიმართავს საგამოძიებო უწყებას ექსპერტიზის დასკვნის გადმოცემის თაობაზე, ხოლო დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას სწორედ აღნიშნული დოკუმენტის სრულყოფილად გაცნობის შედეგად გავაცნობთ"
- ნათქვამია საიას განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.