საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის სისტემური რეგისტრაცია
დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრი ავრცელებს.
სააგენტო 2022-2024 წლების განმავლობაში, საქართველოს 59
მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა და თვითმმართველი
ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) განახორციელებს
საამზომველო და სარეგისტრაციო საქმიანობებს (საქართველოს იუსტიციის
მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბერის ბრძანება №798).
მათივე ცნობით, დღეს არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში მიწების 1/3
დაურეგისტრირებელია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2024 წლის
ბოლომდე ეტაპობრივად უზრუნველყოფს ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
სისტემურ რეგისტრაციას.
ამასთან, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები
საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს:
მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების
დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე
მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე
საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის
ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის
დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების
რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის ინფორმაციითვე, მიწის სისტემური რეგისტრაციის
პარალელურად, მოქალაქეებს კვლავაც შეეძლებათ ისარგებლონ მიწის
სპორადული რეგისტრაციით.
ამასთან, საქართველოს მთავრობის #636 დადგენილებით (2021 წლის 31
დეკემბერი) ცვლილება შევიდა #509-ე დადგენილებაში (2011 წლის 29
დეკემბერი), რომლითაც განისაზღვრება სისტემური რეგისტრაციის
გეოგრაფიულ არეალში მდებარე მიწის ნაკვეთზე სპორადული რეგისტრაციის
საფასური.