ახალი ამბები
რა სპეციალური უფლებებით სარგებლობს პარლამენტის წევრი
მე-10 მოწვევის პარლამენტში უკვე
მეორე ოპოზიციური პარტიაც იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ გუშინ
მას შემდეგ გახდა ცნობილი,
რაც „მოქალაქეების“ ლიდერებმა ალეკო
ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება
გამოაცხადეს.
ცნობისთვის, 150-წევრიან პარლამენტში "ქართული ოცნების" - 90 და
"ევროპელი სოციალისტების" 4 დეპუტატი უკვე იყვნენ წარმოდგენილი და მათ
რიგებს ახლა 2 დეპუტატიც დაემატება.
საინტერესოა, რა სპეციალური უფლებების სარგებლობა შეუძლიათ
პარლამენტის წევრის სტატუსის მქონე ადამიანებს. ამ უფლებამოსილებებს
პარლამენტის რეგლამენტი ადგენს. კერძოდ, როგორც რეგლამენტშია
გაწერილი:
- უფლებამოსილების განხორციელების
პერიოდში პარლამენტის წევრზე არ ვრცელდება სავალდებულო სამხედრო
სამსახურში და რეზერვში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების გაწვევის
მოთხოვნა.
- პარლამენტის წევრს უფლება აქვს:
ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომლებიც აუცილებელია მისი
უფლებამოსილების განსახორციელებლად, თუ კანონით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული;
- საპარლამენტო კონტროლის
განხორციელებისას: შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო
დაწესებულებაში, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა;
უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში;
განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციით, რეგლამენტითა და სხვა
ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი;
- პარლამენტის წევრს შეიძლება
მიენიჭოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში
სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება;
- პარლამენტის წევრის დაკავება ან
დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან
პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით.
გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა
ეცნობოს პარლამენტს;
- პარლამენტის წევრი წელიწადში
სარგებლობს 30 კალენდარული დღის ოდენობის შვებულებით, რომელიც,
სურვილისამებრ, მიეცემა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში, მთლიანად
ან 2 ნაწილად;
- მკვეთრად გამოხატული შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პარლამენტის წევრს გამოეყოფა სამსახურებრივი
ავტომობილი (საჭიროების შემთხვევაში − ადაპტირებული ან სპეციალური) და
ენიშნება თანმხლები პირი;
- პარლამენტის წევრს უფლება აქვს,
ჰყავდეს თანაშემწე. თანაშემწეთა რაოდენობას განსაზღვრავს პარლამენტის
წევრი ამ მიზნით გათვალისწინებული ხარჯების ფარგლებში;
- პარლამენტის წევრი
უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით,
გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა;
- პარლამენტის წევრი, რომელიც არ
არის პარლამენტის თანამდებობის პირი, გასამრჯელოს სახით იღებს – 4624
ლარს; პარლამენტის წევრს ასევე შეიძლება მიეცეს პარლამენტის ბიუროს
მიერ განსაზღვრული თანხა სატრანსპორტო უზრუნველყოფისათვის და
აუნაზღაურდეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევისათვის
გათვალისწინებული თანხა;
- პარლამენტის წევრის მიერ
კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის ხარჯები ანაზღაურდება
პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში;
- ყოფილი პარლამენტის წევრის
პარლამენტის შენობაში შესვლა მომდევნო ერთი მოწვევის პარლამენტის
უფლებამოსილების პერიოდში ხდება დაუბრკოლებლად;
- ყოფილ პარლამენტის წევრს
ენიშნება პენსია ან ეძლევა კომპენსაცია კანონით დადგენილი წესით.
წყარო:bpn
გააზიარეთ :