სამცხე-ჯავახეთში ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს
ვეტერინარები ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის
მასშტაბით ახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული
სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაიწყო და მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთის საზაფხულო
საძოვრებზე სხვადასხვა რეგიონიდან მიგრირებული წვრილფეხა პირუტყვის
აცრები და ცხვრის და თხის ვაქცინაცია თვალში ჩაწვეთების თანამედროვე
მეთოდით ხორციელდება.
„ამავდროულად დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია უტარდება
მსხვილფეხა პირუტყვსაც. დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით აცრილია 90
ათასამდე სული საქონელი.
ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა,
რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი, მათ შორის მსხვილფეხა და
წვრილფეხა პირუტყვი. ბრუცელოზით ავადდება ადამიანიც. ინფიცირების
წყარო დაავადებული ცხოველი და მისგან მიღებული პროდუქტებია.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას ითანამშრომლონ
ვეტერინართან და დროულად ჩაუტარონ ცხოველებს ვაქცინაცია, რათა თავიდან
აიცილონ დაავადების რისკი.
ბრუცელოზის მასობრივი ტესტირება 2014 წლიდან დაიწყო. 2015 წელს გაეროს
სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტების
მონაწილეობით შემუშავდა გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ბრუცელოზთან
ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების (სერომონიტროინგი, ვაქცინაცია)
ეტაპობრივ განხორციელებას ითვალისწინებს.