არჩევნების სანდოობასთან
დაკავშირებული გარკვეული საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება, რაც კიდევ
უფრო აძლიერებს პოლარიზაციას და საარჩევნო პროცესის მიმართ
საზოგადოების ნდობას აკნინებს, - ამის შესახებ ნათქვამია არჩევნებთან
დაკავშირებით NDI-ის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, დამოუკიდებლობის თითქმის 30 წლის განმავლობაში
საქართველომ დაამტკიცა, რომ მას სანდო არჩევნების ჩატარების ტექნიკური
შესაძლებლობები გააჩნია. ასევე, ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები
გადადგა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად და გზა გაუხსნა
სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას.
„აქედან გამომდინარე, მოქალაქეებს მაღალი მოლოდინი აქვთ, რომ
წლევანდელი არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება. თუმცა,
არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები კვლავ
გამოწვევად რჩება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს პოლარიზაციას და
საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას აკნინებს. პრობლემატურ
საკითხებს შორისაა: უყურადღებო ან მიკერძოებული აღსრულება,
ადმინისტრაციული რესურსებისა და სასამართლო ძალაუფლების ბოროტად
გამოყენება, დაშინება და შევიწროვება, პერსონიფიცირებული და
პოლარიზებული საარჩევნო კამპანია, ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების
პროცესიდან გამოტოვება, საინფორმაციო გარემოს დაბინძურება. თავის
მხრივ, ეს ფაქტორები საქართველოს გარე ჩარევების მიმართ უფრო
მოწყვლადს ხდის,“- აღნიშნავენ NDI-ში.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა
მოქალაქეების საჭიროებებზე და გადაჭრის გზებზე ორიენტირებული
პოლიტიკური პროგრამები უნდა შეიმუშაონ. კამპანიის მონაწილეებმა თავი
უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის
პარტიათაშორის თანამშრომლობას ან პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას
შეამცირებს.
„პარტიებმა ინკლუზიური და მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული
პროგრამები უნდა შეიმუშაონ, სადაც ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებისთვის
(ქალების, ლგბტქი ადამიანების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების
და ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების ჩათვლით) მნიშვნელოვანი
თემებიც იქნება ასახული. პარტიებმა ისინი, ასევე, უნდა ჩართონ თავიანთ
შიდა პროცესებში და წარადგინონ კანდიდატებად. პარტიებმა და
კანდიდატებმა თანასწორობის იდეის მხარდამჭერი და დისკრიმინაციის
წინააღმდეგ მიმართული განცხადებები უნდა აკეთონ“, - ნათქვამია
ანგარიშში.
NDI -ის ანგარიში (Georgia Election Watch) 2020 წლის 28 ივლისიდან 4
აგვისტოს პერიოდში, პრეზიდენტ მიტჩელის ხელმძღვანელობით NDI-ის
დელეგაციის მიერ ჩატარებული სიღრმისეული ინტერვიუების ანალიზია.
ანგარიში მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საარჩევნო სისტემა და
ადმინისტრაცია; საარჩევნო გარემო; მედიის როლი და დეზინფორმაცია;
გენდერი და ინკლუზიურობა; და კორონავირუსის ზეგავლენა. NDI-ის
დელეგაცია მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, ცენტრალური საარჩევნო
კომისიის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ადგილობრივი და
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და დიმპლოტიური მისიების
წარმომადგენლებს ესაუბრა. ანგარიში ასევე ითვალისწინებს ინსტიტუტის
მიერ საქართველოში საქმიანობის 25 წლის მანძილზე დაგროვილ
გამოცდილებას.