საქართველოში ხორბლის დეფიციტი მოსალოდნელი არ არის
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი
დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, რუსეთის მხრიდან ხორბლის
ექსპორტის შეზღუდვის მიუხედავად, საქართველოში ხორბლის დეფიციტი
მოსალოდნელი არაა.
როგორც სილაგავამ საუბრისას განმარტა, რუსეთმა აპრილიდან დააწესა
რაოდენობრივი შეზღუდვა ხორბლის ექსპორტზე, კერძოდ, კვოტა ექსპორტზე 7
მილიონი ტონის ოდენობით, რომლის გაცემის ლიმიტი გუშინ ამოიწურა, თუმცა
რუსეთიდან ხორბლის გამოტანა კიდევ გაგრძელდება დაახლოებით 1 თვის
განმავლობაში.
ამასთან ლევან სილაგავა მთავრობის ხორბლის იმპორტირების სუბსიდირების
პროგრამასაც აფასებს და აცხადებს, რომ ეს მთავრობის მხრიდან
აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯი იყო, რამდენადაც რიგ ქვეყნებში
ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვები დაწესდა.
ცნობისათვის, 2020 წლის 1-ელ აპრილს რუსეთის სოფლის მეურნეობის
სამინისტრომ მარცვლეული კულტურების ექსპორტზე არასატარიფო კვოტა
დააწესა, საუბარი იყო 7 მლნ ტონა პროდუქციაზე. როგორც რუსული მედია
წერს, ეს კვოტა ქვეყანამ სრულად ამოწურა. ამიტომ სამინისტრომ მიიღო
გადაწყვეტილება ექსპორტის აკრძალვაზე.