საქართველოში შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი ამოქმედდა
დღეიდა, 27 აპრილიდან, საქართველოში შეზღუდვების მოხსნის პირველი
ეტაპი ამოქმედდა.
მის ფარგლებში დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით
გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება; სრულად დაშვებულია ონლაინ
ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ
პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
პრემიერის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, აღნიშნული
შეზღუდვები მოიხსნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ
მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც
დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.
ამასთანავე, როგორც ცნობილია, 15 აპრილის 21:00 საათიდან აკრძალულია
თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან
გასვლა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით. თუმცა, 27 და 28
აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია აღნიშნულ დიდ ქალაქებში
შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ
მისამართზე დაბრუნების მიზნით.
ამასთან, ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების
ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა, ხელახლა დაწესდეს მოხსნილი
შეზღუდვები, ასევე ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადა
გადაიხედოს.