ყველანაირი პროგნოზი პირობითია - გიორგი გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით,
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პიკს აპრილის ბოლოს - მაისის
დასაწყისში უნდა ველოდოთ.
ამასთანავე, მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ დღეს საქართველო, ისევე
როგორც მსოფლიო ისეთი გამოწვევის წინაშე დგას, რომ ყველანაირი
პროგნოზი პირობითია.
„ქვეყანაში, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე
ვართ და პიკს ზუსტად ჯერ ეპიდემიოლოგები ვერ აფასებენ, თუმცა
ველოდებით აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისისკენ. თუმცა ყველას კარგად
უნდა გვესმოდეს, ეს ისეთი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის,
არამედ მსოფლიოსთვის, რომ აქ ყველანაირი პროგნოზი არის პირობითი.
ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ ის, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ყოველდღიურ
ცხოვრებაში, მთავრობები, მოქალაქეები, სახელმწიფო ინსტიტუტები,
სამოქალაქო სექტორი ისე, რომ ზუსტი პროგნოზების საშუალება,
სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, როგორც
მოქალაქისთვის, ასევე მთავრობისთვის, ეკონომიკისთვის,“ - განაცხადა
გიორგი გახარიამ.